და შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა: რასათჳს სირცხჳლეულ-ჰყავ ერი შენი და მონანი შენნი, რომელთა გიჴსნეს შენ და ძენი და ასულნი შენნი, ცოლნი და ხარჭნი შენნი?
და ეგრე გამოაჩინებ ერსა ამას, ვითარცა ჰყვარობდეს მტერთა შენთა და სძულობდეს მოყუარეთა შენთა? და ეგრე გამოაჩინებ დღეს, ვითარცა არა გესხნეს შენ მთავარნი, არცა მონანი? ხოლო ესე უწყოდე დღეს, თუმცა აბესალომ ცოცხალ იყო, ჩუენ ყოველნიმცა მომკუდარ ვიყვენით შენს წინაშე, რამეთუ იგი სათნო-გიჩნდა.
არამედ აწ გამოვედ და ეტყოდე ერსა მას, რამეთუ უფიცავს ღმერთისა მიმართ, თუ შენ არა გამოხჳდე შემთხუევად მათა, არა ვინ დადგეს შენ თანა ამასვე ღამესა! ხოლო ეს უწყოდე, უბოროტეს-ყოფად არს შენდა ესე, ვიდრეღა ყოველთა მათ ჭირთა, რომელნი წარგჴდეს სიყრმითგან ვიდრე მოაქამდე.
და გამოვიდა მეფე და დაჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა. და მიესმა ყოველსა ერსა, ვითარმედ გამოსულ არს მეფე და მჯდომარე არს ბჭეთა ზედა. და მოვიდა ყოველი იგი ერი შემთხუევად მეფისა, ხოლო ისრაიტელნი იგი ივლტოდეს კაცად-კაცადნი ადგილად თჳსა.
და დრტჳნჳდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი და იტყოდეს: დავით მეფემან გჳჴსნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და განგვარინნა უცხოთესლთაგან და აწ მეოტ ვართ მეფისაგან აბესალომისთჳს, ძისა მისისა.
და აბესალომს, რომელსა ვსცხეთ მეფედ ჩუენ ზედა, ესერა, მოიკლა ღუაწლსა შინა! აწ თქუენ რად დაიყოვნებთ და არა მოიქცევით მეფისა? და სიტყუაჲ იგი ისრაიტელთა მიიწია მეფისა.
და დავით მიავლინა სადუკისა და აბიათარისა მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: არქუთ მოხუცებულთა ისრაჱლთასა, ვითარმედ: რად დაიყოვნებთ მოქცევად სახიდ მეფისა? ხოლო სიტყუანი ყოვლისა ისრაჱლისა მოიწია მეფისა თანა.
და ამესას ესრე არქვით: არა ძვალნი და ჴორცნი ჩემნი ხართ? ესე რამე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთენ, არა თუ ერისთავ-გყო შენ ერსა ჩემსა ზედა იოაბის წილ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა!
და მოიქცა მეფე და მოვიდა კიდემდე იორდანისა მდინარისა. და ყოველი ერი იუდასი მოეგებოდა გალგალადმდე შემთხუევად მეფისა, რათამცა წიაღმოიყვანეს იგი მდინარესა მას.
მსახურებად და წიაღმოყვანებად მდინარესა მეფისა წიაღჴდენ, აღდგინებად სახლისა მეფისა და სათნო-ყოფად წინაშე თუალთა მისთა და სემეი, ძე გერასი, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე მეფისა, ვიდრე წიაღმოვიდოდა იორდანესა.
და ჰრქუა მეფესა: ნუ მოიჴსენებენ შეცოდებასა ჩემსა უფალი ჩემი და ნუცა მოიგონებნ წყევასა დღისასა, რომელ გამოვიდოდა იერუსალჱმით უფალი ჩემი მეფე და ნუცა დაიდებნ გულთა შინა მეფისათა.
მიუგო დავით და ჰრქუა: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? რამეთუ დღეს ბოროტსა ზრახავ ჩემთჳს მტერობით. ნუ იყოფინ ეგე, ვითარმცა მო-ვინმე-კუდა ისრაჱლსა შორის! ანუ თქუენ არა უწყითა, რამეთუ მეფე ვარ ისრაჱლსა ზედა?
და მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისი, შთამოვიდა შემთხუევად მეფისა. და მას არა განეწმიდნეს ფერჴნი მისნი, არცა მოეჭრნეს ფრჩხილნი მისნი, არცა ეკუეცნეს თმანი, არცა განერცხნა სამოსელნი მისნი მიერ დღითგან, რაჟამს გამოვიდა მეფე სახლით თჳსით, ვიდრე შემოსლვად მისა მშჳდობით.
ჰრქუა მას მემფიბოსთე: უფალო ჩემო მეფე, მონამან ჩემმან დამაგდო მე. რაჟამს ვარქუ მას, ვითარმედ: დამისხენ კარაულსა და წარვიდე მეფისა თანა! არა ისმინა ჩემი, რამეთუ ვერ ეგებოდა უკარაულოდ მისლვა ჩემი შენ თანა, რამეთუ მკელობელ ვარ მონა შენი.
რამეთუ არა სხუა რამე ღირს ვიყო სახლისა მამისა ჩემისა, არამედ ყოველნი სიკუდილისა თანამდებ ვიყვენით, არამედ შემრთე მონა შენი მათ თანა, რომელნი ჭამენ ტაბლასა შენსა. და აწ ვის მიერ იყოს ესე ჩემდა სამართალი, არა თუ შენ მიერ? და ღაღადებითა ამას იტყოდა წინაშე მეფისა.
რამეთუ მე ოთხმეოცისა წლისა ვარ და აწცა არა ვიცი გამორჩევა კეთილისა და ბოროტისა და გემოს-ხილვა საჭმელთა, ანუ სასმელთა, ანუ სმენად ჴმაჲ მემღერეთა და აწ რად ტჳრთ-გეყო მონა ესე უფალსა ჩემსა მეფესა?
მიბრძანე მონასა შენსა, რათა დავსჯდე და მოვკუდე ქალაქსა ჩემსა, და დავეფლა საფლავსა მამა-დედათასა ჩემისასა. და აქინამ, ძე ჩემი, მივიდეს უფლისა ჩემისა მეფისა თანა და კეთილი უყავ მას, რაცა სათნო-გიჩნდეს!
და ერი იგი ყოველი წიაღმოკრფა იორდანესა და მეფე დგა კიდესა მდინარისასა და ამბორს-უყო მეფემან ბერეზელის. და აკურთხა იგი მეფემან და წარვიდა ბერეზელი სახიდ თჳსად.
და მოკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა მეფისა და ჰრქუეს მას: რა არს ესე, რამეთუ პარვით რეცა მოგიპარეს შენ ძმათა ჩუენთა, კაცთა მაგათ იუდასთა, და წიაღმოგიყვანეს ერითურთ იორდანესა?
მაშინ ჰრქუა ერმან იუდისმან კაცთა მათ ისრაჱლისათა: ამისთჳს, რამეთუ მახლობელ არს ჩემდა მეფე. რასა ეგოდენ შეგიძნდა და შესწუხენით ამის სიტყჳსათჳს; ანუ შე-რა-ვსჭამეთ და შევსვით მეფისა, ანუ ნიჭი რამე მოვიღეთ მისგან, ანუ მან მიიღო ჩუენგან?
და ჰრქუეს კაცთა მათ ისრაჱლისათა: ათწილ ჩუენ უფროს მახლობელ ვართ მეფისა და ჩუენ უპირმშოეს ვართ მისა, ვიდრეღა თქუენ. და აწ რასათჳს შეურაცხ-მყვენით ჩუენ? არა ჩუენთჳს იყო მოქცევა იგი მეფისა, არამედ თქუენთჳს. და განბოროტნეს კაცნი იგი იუდასნი, ვიდრეღა ისრაიტელნი იგი.