და პოვა მეფემან ასურასტანისამან ოსეეს თანა ზაკვა და წარავლინნა მოციქულნი სოვა მეფისა მიმართ მეგჳპტელთასა. და არა მისცა მან მანანა მეფესა მას ასურთასა მას წელსა. და მოიცვა იგი მეფემან ასურასტანისამან და შეაყენა სახლსა მას საპყრობელისასა.
წელსა მეცხრესა ოსესსა გამოიპყრა მეფემან ასურასტანისამან სამარია და წარტყუენა ისრაჱლი ასურასტანად. და დააშენნა იგინი იალათას და იაბორს, მდინარეთა მათ გოვიზანისათა და მთათა მათ მედონელთა.
და იყო რისხვა უფლისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ შესცოდეს ძეთა მათ ისრაჱლისათა უფალსა ღმერთსა თჳსსა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა ჴელთაგან ფარაოს მეფისა ეგჳპტელთასა და ეშინოდა მათ ღმერთთა მათთაგან უცხოთა.
და რაოდენ-რა შეამკუნეს ძეთა ისრაჱლისათა სიტყუანი არა უფლისა ღმრთისა თჳსისათჳს და იშენნეს თავისა თჳსისა მაღალნი ყოველთა მათ ქალაქთა თჳსთა გოდლითგან საეგბუროთ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.
და უკმევდეს საკუმეველსა ყოველთა მათ მაღალთა, ვითარცა ყოველნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან მათისა. და ეზიარნეს და შეითქუნეს განსარისხებელად უფლისა.
და დადვა უფალმან წამება ძეთა თანა ისრაჱლისათა და ზედა იუდასა ჴელითა ყოველთა წინაწარმეტყუელთათა და ყოველთა მხილველთათა და ჰრქუა: მოიქეცით გზათაგან თქუენთა უკეთურთა და დაიმარხეთ მცნებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყოველი იგი შჯული, რომელ ვამცენ მამათა მათ თქუენთა, რომელნი მივავლინენ თქუენდა ჴელითა მონათა ჩუენთა წინაწარმეტყუელთა.
და განიშორეს აღთქმა თჳსი და სამართალი, რომელ დადვა მამათა მათთა თანა და წამება მისი, რომელ ამცნო მათ, არა დაიცვეს, ვიდოდეს კვალსა უნდოთასა და უჴმარ იქმნნეს კვალსა ნათესავთასა, რომელნი იყუნეს გარემო მათსა, რომელთა ამცნო მათ უფალმან არა ყოფად მსგავსად სახისა მის მათისა.
და გარეშეჰჴადნეს ძენი და ასულნი მათნი ცეცხლსა და მისნობდეს მისნობასა და იზმნიდეს ზმნასა, და შესძინეს ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.
და განიშორეს უფალი ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, და აღძრნა იგინი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა თჳსთასა, ვიდრე განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა.
და განეშორა ისრაჱლი სახლსა მას დავითისასა და დაიდგინეს მეფედ იორობოამ, ძე ნაბატისი, და განდრიკა იორობოამ ისრაჱლი უფლისაგან და აცოდვა იგი ცოდვითა დიდითა.
და მოიყვანნა მეფემან ასურასტანისამან ბაბილონით და ქუთით და იათ და სერფარუმით და ემათით, და დაიმკჳდრნა იგინი ქალაქსა სამარიას ძეთა მათ წილ ისრაჱლისათა და დასხდეს სამარიას და დაიმკჳდრნეს ქალაქნი მისნი.
და ეტყოდეს მეფესა მას ასურასტანისასა და ჰრქუეს: ნათესავნი იგი, რომელ მისცვალენ და სცენ ქალაქთა მათ სამარიასათა, არა იციან წესი ღმრთისა მის ქუეყანისა. მიუვლინებიან მათ უფალსა ლომნი და, აჰა, მოსრვენ მათ, რამეთუ არა იციან წესი მის ქუეყანისა ღმრთისა.
და უბრძანა მეფემან ასურასტანისამან და ჰრქუა: მიიყვანეთ ერთი მღდელთაგანი წარტყუენილთა მაგათ, რათა მოვიდეს და დაემკჳდროს მუნ და უჩუენოს მათ წესი უფლისა და განანათლნეს იგინი სამართლითა ღმრთისა მის ქუეყანისათა.
და ქმნეს ნათესავით ნათესავად ღმერთნი თავთა თჳსთათჳს და დასხნეს სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიტელთა მათ თჳთოეულად ნათესავთა მათ ქალაქთა თჳსა, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს.
და ეშინოდა უფლისაგან და დაიმკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თჳთოეულად ნათესავთა და ნათესავთა მათ, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს (და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგნეს ქურუმნი თჳსად მაღალთა მათ).
და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მათისა და სამართლისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისათა, რომელსა დასდვა სახელი ისრაჱლი.
არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქვენ ქუეყანით ეგჳპტით დიდითა ძალითა და მკლავითა მაღლითა, მისგან გეშინოდენ და მას თაყუანის-ეცით და მისა შესწირვიდეთ.