და მოვიდნენ და ამბავი მოუტანეს იოშაფატს და უთხრეს: „დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ანუ ყენ-გედში.“
და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს.
‘თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება, მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.’
აჰა, ახლა ყამონის ძენი და მოაბი, სეყირის მთიელები, მათს ქვეყანაზე გავლის ნება რომ არ დართე ისრაელის ძეთ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი,
ღმერთო ჩვენო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენსკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი.“
და თქვა: „ყური მიგდეთ, იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ‘ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს.
ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით და დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო, ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.’“
და ადგნენ დილაადრიანად და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას დადგა იოშაფატი და თქვა: „მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით, გწამდეთ მის წინასწარმეტყველთა და მოგემართებათ ხელი.“
და დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეირაღებულთა წინ მავალთ და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“
აღდგნენ ყამონის ძენი, და მოაბის ძენი სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად, და როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად.
და მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისათვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. და იმდენი შეიგროვეს, რომ ვეღარ მიჰქონდათ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო.
და იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა, და თქვა: „რაკი კავშირი შეჰკარი ახაზიასთან, ამიტომ უფალი ჩაფუშავს შენს საქმეს.“ და დაილეწა ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა.