და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. და ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; და თითქოს არ ვიყავი მწუხარე მის წინაშე,
და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და კარიბჭენი მისი ცეცხლშია დაბუგული?“
და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს და, თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენს წინაშე, მაშინ გამიშვი იუდაში, ჩემი მამების საფლავთა ქალაქში, და ხელახლა გავაშენებ მას.“
და მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც ეჯდა გვერდით: „რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?“ და მოეწონა მეფეს ჩემი გაგზავნა და გამიშვა, და მე დავუთქვი დრო.
და ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეებისათვის, რომელიც ღვთის სახლთანაა და ქალაქის კედლისათვის და სახლისათვის, რომელშიც შევალ.“ და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.
და ავდექი ღამით რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის არ მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ღმერთმა გულში იერუსალიმისათვის, და არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რომელზეც მე ვიჯექი.
და გავედი ღამით ხევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსა და სანაგვის კარიბჭისაკენ, და დავათვალიერე იერუსალიმის დარღვეული კედლები, მისი ცეცხლში გადაბუგული კარიბჭეები.
ქალაქის მოხელეებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებელთ ჯერ არ ვუმხელდი.
და მხოლოდ ვუთხარი: „თქვენ ხედავთ, რა უბედურ დღეში ვართ, როგორაა იერუსალიმი მოოხრებული და როგორ არის ცეცხლში დაბუგული მისი კარიბჭენი; წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
და ვაუწყე მათ ჩემი ღვთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, მეფეს რომ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. და თქვეს: „ავდგეთ და ავაშენოთ!“ ხელი განიმტკიცეს სასიკეთოდ.
და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და გეშემ არაბმა, და დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: „ამას რას შვრებით? მეფეს უჯანყდებით?“
და ვუპასუხე მათ და ვუთხარი: „ღმერთი ზეცათა, ის შეგვეწევა ჩვენ. და ჩვენ, მსახურნი მისი, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ არა გაქვთ წილი, მოწყალება და სახსენებელი იერუსალიმში!“