×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 105

1
ადიდეთ უფალი! მადლი შესწირეთ უფალს, რადგან კეთილია; წყალობა მისი მარადიულია!
2
ვის ძალუძს აუწყოს უფლის სიძლიერე, გამოთქვას მისი ქება-დიდება?
3
ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს!
4
გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობისას, მომხედე შენმიერი შველით,
5
რათა ვიხილო სიკეთე შენს რჩეულთა, გავიხარო შენი ერის სიხარულით, და ვიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6
შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7
ვერ შეიცნეს ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და აგიმხედრდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8
მაგრამ მან იხსნა ისინი თავისი სახელის გულისათვის, რათა შეეცნოთ ძლიერება მისი.
9
შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და გაატარა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10
იხსნა მოძულის ხელიდან და განარინა მტრის ძალისაგან.
11
წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ დარჩენილა.
12
მაშინ ირწმუნეს მისი სიტყვები, იმღერეს მისი ქება.
13
მაგრამ აჩქარდნენ, დაივიწყეს მისი საქმენი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14
აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15
და შეუსრულა თხოვნა მათი, მაგრამ მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16
როდესაც შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდის აარონის მიმართ,
17
გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18
მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19
გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს ჩამოსხმულ კერპს.
20
გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველი ხარის გამოსახულებაში.
21
დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდ საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში,
22
საოცრებათა მოქმედი ქამის ქვეყანაში, საშინელებათა მეწამულ ზღვაზე.
23
წარმოთქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა მისი რისხვა, და აღარ მოესრა ისინი.
24
შემდეგ კი დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს სიტყვები მისი.
25
დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26
მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში
27
და გაეფანტა მათი ნაშიერი ერებს შორის და განებნია ისინი ქვეყნებში.
28
დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდრების შესაწირავი.
29
განარისხეს თავიანთი მოქმედებით; და თავს დაატყდათ მომსვრელი სენი.
30
წამოდგა ფინეხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსვრელი სენი.
31
ჩაეთვალა მას ეს სიმართლედ თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32
განარისხეს მერიბას წყლებზე და დაისაჯა მოსე მათ გამო,
33
რადგანაც სული გაუმწარეს და აჩქარებული სიტყვა გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34
არ მოსპეს ერები, როგორც უფალმა უბრძანა მათ,
35
აირივნენ წარმართებში და ისწავლეს მათი საქმეები.
36
ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ იქცნენ მათთვის.
37
სწირავდნენ თავიანთი ძეებს და ასულებს დემონებს.
38
დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39
შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40
მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41
ხელში ჩაუგდო ისინი ერებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი.
42
ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43
მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი უჯანყდებოდნენ თავიანთი ზრახვებით, და დამდაბლდნენ ბრალით.
44
და მაინც მოხედა მათ გაჭირვებას, როცა ისმინა მათი ღაღადი.
45
გაიხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალებით.
46
აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათ დამტყვევებელს შორის.
47
გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე წარმართთაგან, რათა მადლი შევწიროთ შენს წმიდა სახელს და განვდიდეთ შენი ქება-დიდებით!
48
კურთხეულ არის უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები