×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 108

1
გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
2
რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
3
სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
4
ჩემი სიყვარულის წილ გადამემტერნენ, მე კი ვლოცულობ.
5
მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი – ჩემი სიყვარულის წილ.
6
ამბობენ: „დააყენე ბოროტი მასზე, და ბრალმდებელი დადგეს მის მარჯვნივ.
7
განკითხვისას გამოვიდეს მტყუანი, და მისი ლოცვა ცოდვად შეერაცხოს!
8
იყოს დღეები მისი მცირე, და მისი ქონება სხვამ მოიხვეჭოს.
9
დარჩნენ მისი შვილები ობლად და მისი ცოლი – ქვრივად.
10
იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, ითხოვდნენ პურს მათი ნანგრევებიდან.
11
მოვალემ მიითვისოს, რაც გააჩნია, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
12
ნუ ეყოლება მოწყალე, და ნურც შეიწყალებენ მის ობლებს!
13
მოისპოს მისი შთამომავლი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მისი სახელი.
14
გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება!
15
იყოს უფლის თვალის წინ მუდამ, მოისპოს ქვეყნიერებიდან მისი სახსენებელი!
16
რადგან არ გახსენებია წყალობის ქმნა, და სდევნიდა ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.
17
შეიყვარა წყევლა – მასვე მიუვიდეს! არ ისურვა კურთხევა – განშორდეს მას!
18
შეიმოსა წყევლით, როგორც სამოსელით, შევიდეს წყევლა, როგორც წყალი, მის შინაგანში, და როგორც ზეთი – მის ძვლებში!
19
იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი, რომელსაც იცვამს, და ვითარცა სარტყელი, გარს რომ ირტყამს.“
20
ასეთი იყოს მისაგებელი უფლისა ჩემს მაბეზღართა და ჩემს სულზე ავის მთქმელთა მიმართ!
21
ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კეთილია წყალობა შენი, გადამარჩინე!
22
რადგან ღარიბი და ღატაკი ვარ მე და გული ჩემი შეძრწუნდა გვამსა ჩემსა.
23
ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, დავილიე, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
24
ჩემი მუხლები დაუძლურდნენ მარხვისაგან, ზეზეურად ჩამოვხმი;
25
შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი დამნახავნი.
26
შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო! მიხსენი შენი წყალობით.
27
დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო.
28
დაე დამწყევლონ, შენ კი მაკურთხებ; აღდგებიან ჩემზე და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
29
შეიმოსონ ჩემი მაბეზღარნი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი!
30
ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას,
31
რადგან გვერდით დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სულის განმსჯელთაგან.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები