×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 117

1
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
2
თქვას ისრაელმა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“
3
თქვას აარონის სახლმა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“
4
თქვან მოშიშებმა უფლისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!“
5
გაჭირვებიდან მოვუხმე უფალს; სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
6
უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
7
უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიზეიმებ ჩემს მტრებზე.
8
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
9
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
10
ყოველნი თესლ-ტომნი გარს შემომერტყნენ; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
11
გარს შემომერტყნენ, გარემომიცვეს, უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
12
გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; აბრიალდნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ.
13
ძლიერად მკრეს ხელი ძირს დასაცემად, მაგრამ უფალი შემეწია მე.
14
ჩემი ძალა და გალობაა უფალი, ის არის ჩემი მხსნელი.
15
ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!
16
უფლის მარჯვენა მაღალია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!
17
არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვაუწყებ უფლის საქმეებს.
18
დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
19
გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათში, ვადიდებ უფალს!
20
ეს არის კარიბჭე უფლისა! მართალნი შევლენ შიგ.
21
მადლობას გწირავ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი ხსნა!
22
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;
23
უფლისაგან არის ეს; საოცარია ეს ჩვენს თვალში.
24
ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში!
25
გევედრებით, უფალო, გვიხსენი! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
26
კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
27
ღმერთია უფალი და გვინათებს ჩვენ. მიაბით მსხვერპლი საბლით სამსხვერპლოს რქებზე.
28
ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ! ღმერთო ჩემო, მადლობას გწირავ!
29
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები