×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 131

1
გალობა აღსავალთა. გაიხსენე დავითი, უფალო, და ყოველი ურვა მისი.
2
როგორ შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს:
3
არ შევალ ჩემი სახლის კარავში, არ ავალ ჩემს სარეცელზე,
4
არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და რულს ჩემს წამწამებს,
5
ვიდრე არ ვიპოვი ადგილს უფლისათვის, სავანეს იაკობის ძლიერისათვის.
6
აჰა, გვესმა მასზე ეფრათაში; ვპოვეთ იგი იაყარის ველზე!
7
მივიდეთ მის სადგომში, თაყვანი ვცეთ მის ფერხთა საყრდენს!
8
აღსდექ, უფალო, და მიდი შენს განსასვენებელში, შენ და კიდობანი შენი ძლიერებისა!
9
შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და იხარონ შენმა წმიდებმა.
10
შენი მორჩილის, დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.
11
შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად და არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე!
12
თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მოწმობებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე ისხდებიან შენს ტახტზე.“
13
რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდროდ თავისთვის.
14
ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
15
მის საზრდოს კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.
16
მის ღვთისმსახურთ შევმოსავ შეწევნით და მისი წმიდები სიხარულით გაიხარებენ.
17
აქ აღმოვაცენებ დავითის რქას, გავამზადებ სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.
18
მის მტრებს სირცხვილით შევმოსავ, ხოლო მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი!
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები