×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 144

1
ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო და მეფეო ჩემო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
2
ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
3
დიდია უფალი და ქებულია ფრიად, სიდიადე მისი მიუწვდომელია.
4
თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეს აუწყებენ.
5
შენს დიად მშვენებას, შენს დიდებას, შენს საოცარ საქმეებს დავუკვირდები.
6
შენს საზარელ სიძლიერეზე ილაპარაკებენ, და მე შენს სიდიადეს ვაუწყებ.
7
შენი მრავალი სიკეთის დიდებას წარმოთქვამენ, და შენს სიმართლეს უმღერებენ.
8
გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
9
კეთილია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობა ყველა მის ქმნილებაზეა.
10
მადლობას მოგიძღვნის შენ, უფალო, ყველა შენი ქმნილება, და შენი წმიდანნი დაგლოცავენ შენ.
11
შენი მეფობის დიდებას აუწყებენ, და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ,
12
რათა ამცნონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე და ბრწყინვალე დიდება შენი მეუფებისა.
13
შენი მეფობა – მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა – თაობებში.
14
უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.
15
ყველას თვალები შენ შემოგცქერის და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
16
გახსნი შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
17
მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
18
ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
19
მის მოშიშთა სურვილს ასრულებს, მათ ღაღადს ისმენს და შველის მათ.
20
იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.
21
ხოტბას უფლისა აუწყებს პირი ჩემი, და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე!
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები