×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 148

1
ადიდეთ უფალი! ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი მაღლთა შინა!
2
ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო; ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო!
3
ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო!
4
ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და მისნო წყალნო, რომელნიც ხართ ცათა ზემოთ!
5
ადიდონ სახელი უფლისა! რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ,
6
და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე; მისცა წესი და ვერვინ გადაუხვევს.
7
ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ზღვის ურჩხულნო და ყოველნო უფსკრულნო!
8
ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო!
9
მთანო და ბორცვნო, მსხმოიარე ხეებო და კედარნო ყოველნო!
10
მხეცნო და პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო!
11
მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ტომნო, მთავარნო და ყოველნო მმართველნო ქვეყნისა!
12
ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად!
13
ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში.
14
მან აამაღლა რქა თავისი ერისა, დიდება ყოველი მისი წმიდისა, ისრაელის ძეთა, ხალხისა, რომელიც ახლოს არის მასთან. ადიდეთ უფალი!
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები