და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვიკითხავ. მე ვარ უფალი.
და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი, როცა გავწყვეტ ეგვიპტის ქვეყანას.
შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. პირველი დღიდანვე მოიცილეთ საფუარი სახლებიდან, რადგან ვინც შეჭამს საფუარს, პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება ის სული ისრაელიდან.
და აიღეთ უსუპის კონა და ამოაწეთ სისხლში, რომელიც ჯამშია, და წააცხეთ კარის ზედა ძელსა და ორივე წირთხლს სისხლი, რომელიც ჯამშია. არავინ არ გამოხვიდეთ თქვენი სახლის კარიდან დილამდე.
და ჩაივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრად და იხილავს სისხლს კარის ზედა ძელზე და ორივე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს და არ შემოუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში შესამუსრავად.
და ეტყვით თქვენ: ‘ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისათვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა შემუსრა მან ეგვიპტე და ჩვენი სახლები კი გადაარჩინა.’“ და მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
და იყო, შუაღამით შემუსრა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაზე, თავის ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან პირმშომდე იმ ტყვისა, საპყრობილეში რომ იჯდა, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.
და გამოაცხვეს მათ ცომი, რომელიც გამოიტანეს ეგვიპტიდან ხმიადის კვერებად, რადგან ვერ გაფუვდა, რაკი გამოდევნეს ეგვიპტიდან და ვერ შეძლეს დაყოვნება და ვერც საგზალი ვერ გაიმზადეს.
და თუ ვინმე უცხო შემოგეხიზნოს და უფლის პასექის გამზადება მოინდომოს, წინადაიცვითოს მასთან ყოველმა მამროვანმა და მაშინ შეუდგეს მის შესრულებას, და იქნება ქვეყნის მკვიდრივით. და არც ერთმა წინადაუცვეთელმა არ ჭამოს იგი.