და თქუა მოსე ერისა მიმართ: იჴსენებდით დღესა ამას, რომელსა შინა გამოხუედით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა განგიყუანა თქუენ უფალმან ამიერ და არა შჭამოთ ცომი.
და იყოს, ოდესცა შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა ქანანელთასა, და ქეტელთასა, და აღმორეველთასა, და ეველთასა, და იებოსელთასა, და გერგესეველთასა, და ფერეზელთასა, რომლისათჳს ვეფუცე მამათა შენთა მიცემად თქუენდა ქუეყანა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, და ჰყოთ მსახურებაჲ თთუესა ამას.
და იყოს შენდა სასწაულად ჴელსა ზედა შენსა და მოსაჴსენებლად წინაშე. თუალთა შენთა, რათა იყოს შჯული უფლისაჲ პირსა შინა შენსა, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოგიყუანა შენ უფალმან ეგჳპტით.
და განუჩინო ყოველი განმღებელი საშოჲსა წული უფალსა და ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ სამროწლეთაგან შენთა ანუ საცხთვართა შორის შენთა. წმიდა-ჰყო უფლისად, რაოდენი-რაჲ იყოს შენდა წული.
ხოლო უკუეთუ გკითხოს შენ ამისსა შემდგომად ძემან შენმან მეტყუელმან: რაჲ არს ესე? და ჰრქუა მას, ვითარმედ: ჴელითა მტკიცითა გამომიყუანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა.
ხოლო ვითარცა განავლინა ფარაო ერი იგი, არა გზა-უყო მათ ღმერთმან გზაჲ ქუეყანისა ფილისტიმისაჲ, რამეთუ ახლო იყო. რამეთუ თქუა უფალმან: ნუსადა შეინანოს ერმან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ, და მიაქციოს ეგჳპტედ.