და აიყარა ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის შორისაა, ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს.
და უთხრეს მათ ისრაელის ძეთ: „ნეტა უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“
და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი რჯულით.
და თქვა მოსემ: „ახლა მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, მასზე რომ დრტვინავდით. ხოლო ჩვენ ვინ ვართ? ჩვენზე კი არ დრტვინავთ, არამედ უფალზე.“
„ვისმინე მე ისრაელის ძეთა დრტვინვა. ელაპარაკე მათ ასე: მწუხრის ჟამს ჭამთ ხორცს, ხოლო დილაზე გაძღებით პურით. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი“
და როცა დაინახეს ისრაელის ძეთ, უთხრეს ერთმანეთს: „რა არის ეს?“ რადგან არ იცოდნენ, რა იყო იგი. და უთხრა მათ მოსემ: „ეს მანანაა, რომელიც მოგცათ უფალმა საკვებად.
და უთხრა მათ: „აჰა, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათია. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყოველი ნამეტი გადადეთ თქვენთვის დილამდე შესანახად.
იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისთვის. იჯდეს თითოეული თავისთან, ნუღარავინ გამოვა თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს.
და თქვა მოსემ: „ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანანით შესანახად თქვენ თაობებში, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით თქვენ უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.“