და გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა, ყოველი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როცა გამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან.
და მოუთხრო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, რაც გაუკეთა უფალმა ფარაონსა და ეგვიპტელებს ისრაელის გამო, და ყველა იმ გასაჭირზე, რაც მათ გზაზე შეემთხვათ, და როგორ იხსნა უფალმა ისინი.
და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი და საკლავები ღვთისათვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე.
და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?“
და ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი, და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
და განსაჯონ ხალხი ყოველ დროს. და იქნება, ყოველ დიდ საქმეს შენთან მოიტანენ, ყოველ მცირე საქმეს კი თავად განსჯიან. შენც შეგიმსუბუქდება და მათაც შენთან ერთად იტვირთონ.