1
უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდით უფალთან შენ და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის 70 უხუცესი, და თაყვანი ეცით შორიდან.
2
მარტო მოსე მიეახლოს უფალს და ისინი არ მიეახლონ, და ხალხი არ ამოჰყვეს მას.“
3
და მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს ყოველი სიტყვა უფლისა და ყოველი მისი რჯულდება. და მიუგო მთელმა ხალხმა ერთხმად: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ.“
4
და დაწერა მოსემ ყოველი სიტყვა უფლისა, და ადგა დილაადრიანად, და ააშენა სამსხვერპლო მთის ძირას და 12 სვეტი ისრაელის 12 ტომის რიცხვისამებრ.
5
და წარავლინა მოსემ ჭაბუკი ისრაელიანები და აღუვლინეს სრულადდასაწველნი, და დაკლეს მოზვრები სამშვიდობო მსხვერპლად უფლისათვის.
6
აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და ჩაასხა თასებში, და ნახევარი აპკურა სამსხვერპლოს.
7
და აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, და მათ თქვეს: „ყოველივეს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უფალმა ბრძანა.“
8
და აიღო მოსემ სისხლი და აპკურა ხალხს და თქვა: „აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა თქვენ, ყველა ამ სიტყვისამებრ.“
9
და ავიდნენ მოსე და აარონი, ნადაბი და აბიჰუ, და ისრაელის 70 უხუცესი.
10
და მათ იხილეს ღმერთი ისრაელისა; და იყო მის ფეხთა ქვეშ რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა და ცასავით კრიალა.
11
ისრაელიანთაგან რჩეულებზე არ აღუმართავს ხელი ღმერთს: მათ იხილეს ღმერთი და ჭამეს და სვეს.
12
და უთხრა უფალმა მოსეს: „ამოდი ჩემთან მთაზე და იყავი აქ. და მოგცემ შენ ქვის დაფებს, და რჯულსა და მცნებას, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.“
13
და ადგნენ მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
14
და უთხრა უხუცესებს: „აქ დაგველოდეთ, ვიდრე დავბრუნდებით თქვენთან. და აჰა, აარონი და ხური თქვენთან არიან. ვისაც საქმე ექნება, მივიდეს მათთან.“
15
და ავიდა მოსე მთაზე და დაფარა მთა ღრუბელმა.
16
და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე და ფარავდა ღრუბელი მას ექვს დღეს. და მოუხმო მან მოსეს მეშვიდე დღეს შუაგულ ღრუბლიდან.
17
და სახე უფლის დიდებისა ისრაელიანთა თვალში იყო, როგორც ცეცხლი მოგიზგიზე მთის მწვერვალზე.
18
და შევიდა მოსე შუაგულ ღრუბელში, და ავიდა მთაზე. და იყო მოსე მთაზე 40 დღე და 40 ღამე.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013