1
და უთხრა უფალმა მოსეს:
2
„უთხარი ისრაელიანთ, რომ ამიკრიფონ შესაწირავი. ყოველი კაცისგან, ვისაც გული ეტყვის, ამიკრიფეთ შესაწირავი.
3
ესაა შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო,
4
და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი და თხისური,
5
ვერძის ტყავები დათრიმლული და გამოყვანილი ტყავები და აკაციის ხე,
6
სანთებელი ზეთი, სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის.
7
სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
8
და გამიკეთონ მე საწმიდარი და დავივანებ მათ შორის.
9
როგორსაც მე გიჩვენებ სავანის ნიმუშს და მთელი მისი მოწყობილობის ნიმუშს, ყველაფერი იმგვარად გააკეთეთ.
10
გააკეთე კიდობანი აკაციის ხისგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე.
11
და მოჭედე იგი ხალასი ოქროთი. შიგნიდან და გარედან მოჭედე იგი. და ზემოთ ირგვლივ შემოავლე ოქროს გვირგვინი.
12
და ჩამოასხი მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი, და მიამაგრე ოთხ კიდეზე: ორი რგოლი ერთ მხარეს და ორი რგოლი – მეორე მხარეს.
13
გათალე აკაციის ხის კეტები და მოჭედე ოქროს ფურცლით.
14
და გაუყარე კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, რათა კიდობნის ტარება შეიძლებოდეს.
15
კიდობნის რგოლებში კეტები მუდამ უნდა იყოს, არ უნდა მოშორდეს მას.
16
და ჩადე კიდობანში მოწმობა, რომელსაც მოგცემ შენ.
17
და გააკეთე სარქველი ხალასი ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე.
18
და გააკეთე ორი ქერუბიმი: ოქროთი ჭედურად, სარქვლის ორივე კიდისათვის.
19
და დასვი ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე და მეორე ქერუბიმი – მეორე კიდეზე. დასხით ქერუბიმები სარქვლის ორსავე კიდეზე.
20
და იქნებიან ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და ფრთებით დაფარავენ სარქველს. სახე ერთმანეთისკენ ექნებათ მიქცეული, სარქველს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები.
21
და დააფარე სარქველი კიდობანს ზემოდან. და ჩადე კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ.
22
და გამოგეცხადები შენ იქ და გელაპარაკები სარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა, ყოველივეზე რასაც გიბრძანებ შენ ისრაელიანთათვის.
23
და გააკეთე ტაბლა აკაციის ხისგან: სიგრძე ორი წყრთა იყოს, სიგანე – ერთი წყრთა, სიმაღლე – ერთნახევარი წყრთა.
24
და მოჭედე იგი ხალასი ოქროთი, და გაუკეთე ოქროს გვირგვინი ირგვლივ.
25
გაუკეთე მას ირგვლივ ხელისდადების სიმაღლის ოქროვარაყის კედელი.
26
და გაუკეთე ოქროს ოთხი რგოლი, და მიუმაგრე რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან.
27
კედელზე იყოს რგოლები კეტების გასაყრელად, რომ ტაბლის ტარება შეიძლებოდეს.
28
და გამოთალე აკაციის ხის კეტები და მოჭედე ისინი ოქროფურცლით. და ამ კეტებით ატარონ ტაბლა.
29
და გააკეთე მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ჯამები, და მისი ტოლჩები საღვრელისთვის, ხალასი ოქროსაგან გააკეთე ისინი.
30
მუდამ ეწყოს ტაბლაზე საწინაშეო პურები ჩემს წინაშე.
31
და გააკეთე სასანთლე ხალასი ოქროსაგან. მთლიანად ერთი ჭედურობით გაკეთდეს სასანთლე, მისი ღერო და მისი ტოტი, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე უნდა იყოს.
32
ექვსი ტოტი გამოდიოდეს მისი ღეროდან: სამი ტოტი სასანთლისა ერთი მხრიდან და სამი ტოტი – მეორე მხრიდან.
33
სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. სამი ნუშისებრი თასი მეორე ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვსსავე ტოტზე, რომლებიც გამოდიან სასანთლიდან.
34
და თვით სასანთლის ღეროზე იყო ოთხი ნუშისებრი თასი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35
და კვირტი მისი ტოტების პირველი წყვილის ძირში, და კიდევ კვირტი მისი ტოტების შემდეგი წყვილის ძირში და კიდევ კვირტი მისი ტოტების ბოლო წყვილის ძირში სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისათვის.
36
მათი კვირტები და მათი ტოტები იქნება მისგანვე, მთლიანად ერთი ჭედურობით, ხალასი ოქროთი.
37
და გააკეთე შვიდი კანდელი მისი და აანთე მისი კანდელები, რათა ანათებდეს მის წინ.
38
და მისი მაშები, და მისი აქანდაზები იყოს ხალასი ოქროსი.
39
ერთი ტალანტი ხალასი ოქროსგან გაკეთდეს იგი მთელ ამ ჭურჭელთან ერთად.
40
და იცოდე, იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე ისინი, რომელიც მთაზე გიჩვენე.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013