და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელის ძეთაგან, რათა მღვდლობა გამიწიოს, აარონი და ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, ძენი აარონისა.
და აჰა, სამოსელნი, რომელნიც მათ უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, დოლბანდი და სარტყელი. და დაამზადონ სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიოს.
და მოათავსე ორი ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები, და აარონმა ატაროს მათი სახელები უფლის წინაშე თავის ორივე მხარზე, მათ სამახსოვროდ.
და დაამზადე განკითხვის სამკერდული ოსტატური ნაკეთობით. ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია. ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან დაამზადე იგი.
და ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აარონის გულზე მისი მისვლისას უფლის წინაშე; და ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სამართალი თავის გულზე უფლის წინაშე მარადის.
და იყოს ის აარონის შუბლზე, და იტვირთოს აარონმა ნაკლი შესაწირავთა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელის ძენი, ყოველი მათი წმიდა საბოძვარისთვის, და იყოს იგი მის შუბლზე მუდამ, რათა სასურველი იყოს ისინი უფლის წინაშე.
და იქონიონ ისინი აარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისათვის, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცნენ. ეს საუკუნო წესია მისთვის და მის შთამომავალთათვის მის შემდეგ.