და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი – ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსეველთა ადგილზე.
და უთხრა მოსემ ღმერთს: „აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან, და ვეტყვი მათ: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მეტყვიან: ‘რა არის მისი სახელი?’ რა ვუთხრა მათ?“
კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა მე; ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა, და თქვა ასე: ‘მონახულებით მოგინახულეთ თქვენ. დავინახე რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში.
მე ვთქვი: წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი.’
მოისმენენ შენს ხმას, და მიხვალთ შენ და ისრაელის უხუცესნი ეგვიპტის მეფესთან, და ეტყვით მას: ‘უფალმა, ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა, ჩვენ და ახლა წავალთ სამი დღის სავალ გზაზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.’
და ინათხოვროს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანი ქალისაგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი, და სამოსელი. და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი, და გაძარცვეთ ეგვიპტელნი.“