და როცა დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებს მოსე მთიდან ჩამოსვლას, შეიკრიბა აარონთან, და უთხრა მას: „ადექ, გაგვიკეთე ჩვენ ღმერთი, რომელიც ჩვენი წინამძღოლი იქნება, რადგან იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, არ ვიცით, რა შეემთხვა.“
და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით, და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან“.
და ადგნენ დილაადრიანად მეორე დღეს, და მოიტანეს სრულადდასაწველნი, და მიიყვანეს სამშვიდობო მსხვერპლები. და დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. და შემდეგ ადგნენ სალაღობოდ.
მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვამცნე მათ: გაიკეთეს ჩამოსხმული ხბო და თაყვანი სცეს მას, და შესწირეს მას მსხვერპლი, და თქვეს: ‘ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან’“.
და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით?
რად უნდა თქვან ეგვიპტელებმა ასე: ‘ბოროტი განზრახვით გამოიყვანა ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირისაგან აღსაგველად?’ გააბრუნე შენი რისხვის აღგზნება და გადაიფიქრე ბოროტება შენი ხალხის მიმართ.
გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი მათ: ‘გავამრავლებ თქვენს თესლს ცის ვარსკვლავებივით და მთელს ამ ქვეყანას, რომელზეც მე ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ საუკუნოდ.’“
და უთხრა მათ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘ყველამ თავისი მახვილი შეიბას გვერდზე, გაიარეთ და დაბრუნდით ბჭიდან ბჭემდე, და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, და თითოეულმა თავისი მეგობარი და თითოეულმა თავისი ნათესავი.’“