და გააკეთეს ბეცალელმა და აჰოლიაბმა და ყველა გულბრძენმა, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, რათა შეეცნოთ და ეკეთებინათ ყველა საქმე საწმიდრის სამუშაოსი, ყველაფერი, რაც უფალმა ბრძანა.
და მოუხმო მოსემ ბეცალელსა და აჰოლიაბს, და ყოველ გულბრძენს, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე გულისა, ყველას, ვისაც გული მიუწევდა საქმის დასაწყებად და მის საკეთებლად.
და აიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რომელიც მიიტანეს ისრაელის ძეთ საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად, და მათაც კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილდილობით.
და გააკეთა ყოველმა გულბრძენმა, რომლებიც აკეთებდნენ კარავის საქმეს: ათი გადასაფარებელი გრეხილი ბისონის და ცისფერის, ძოწეულის და ჭიაფერის. გააკეთეს ქერუბიმები მათზე ოსტატური ნაკეთობით.
და გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად.
ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ეს მარყუჟები ესადაგებოდნენ ერთიმეორეს.
და ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ, ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ, ორივე მისი კოტასათვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ – მისი ორივე კოტასათვის.