და ქმნა ბესელიელ კიდობანი იგი სჯულისაჲ ძელთაგან ულპოლველთა, ორ წყრთა, და კერძო - სიგრძე მისი, და წყრთა და კერძო - სივრცე მისი, და წყრთა და კერძო - სიმაღლე მისი. და შემოსა იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ.
და უქმნა მას დასხმითნი ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორი - ერთ კერძო და ორი - ერთ კერძო სივრცისაებრ მათ განსაცმელთასა, რათა აღიღოდიან იგი მით.
და ჰქმნა ლანკანი წინაშე ოქროჲსაგან წმიდისა და უქმნა მას კარშიკნი ოქროჲსანი ოთხნი, კარშიკნი ორნი - ერთ კერძოსა კიდესა და კარშიკნი ორნი - კარშიკსა მას მეორესა სივრცით, რათა აღიღოდიან იგი უღლითა მით, და უღელნი იგი კიდობნისანი და ტაბლისანი ქმნნა ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა, ორი წყრთა - სიგრძე მისი და ორი წყრთა და ნახევარი - სიმაღლე მისი.
(38,13) და ქმნა სასანთლე იგი, რომელი ენთებოდის (მყარი ოქროჲსა (38,14), ჴერი იგი და რტონი ორკერძოვე გვერდით მისით (38,15) მისგანვე რტოთა მისთა გამომცენარედ გამომატებულ, სამნი ამიერ და სამნი იმიერ განსწორებულ ურთიერთას. (38,16) და სასანთლენი მათნი, რომელნი დგენ მწუერვალთა მათთანი გველისსახედ მათგანვე და დასადგმელნი მათგანვე, რათა იყუნენ სანთელნი იგი მათ ზედა და დასადგმელი მეშჳდე ზედა წუერსა სანთლისასა თხემსა ზედა კერძო მყარი ყოვლად ოქროჲსაჲ (38,17) და შჳდნი სანთელნი მისნი მას ზედა - ოქროჲსანი და მარწუხნი მისნი - ოქროჲსანი), ოქროჲ წმიდაჲ ოფაზი ქმნა სასანთლე, ბუნი და ჴერი მისი ყვავილედად აღმოკვეთილად, და ბირთვი და შროშანნი მისნი გამოზიდვით მისგანვე.