და თუ არ დაერწმუნებიან ამ ორივე სასწაულს და არ მოისმენენ შენს ხმას, აიღებ მდინარის წყლიდან და დაღვრი ხმელეთზე. და ეს წყალი, რომელსაც ამოიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე.“
და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მე არ ვყოფილვარ კაცი ენამჭევრი არც გუშინ, არც გუშინწინ, და არც მაშინ, როცა შენ დაელაპარაკე შენს მსახურს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.“
და აღეგზნო უფლის რისხვა მოსეზე, და თქვა: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? მე ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს, და აჰა, იგი გამოვა შენს შესახვედრად, და დაგინახავს. და გულით გაიხარებს.
და წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა მას: „წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომელნიც ეგვიპტეში არიან, და ვნახავ, თუ კიდევ ცოცხალნი არიან?“ და უთხრა ითრომ მოსეს: „წადი მშვიდობით.“
და უთხრა უფალმა მოსეს: „როცა წახვალ ეგვიპტეში დასაბრუნებლად, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. და მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ხალხს.