|
| 1 |
|
| თუ დაჯდები ბატონთან პურის საჭმელად, კარგად დააკვირდი, რა არის შენს წინაშე, |
|
| 2 |
|
| და დაადე დანა შენს საყლაპავს, თუ მსუნაგი ხარ. |
|
| 3 |
|
| ნუ მოისურვებ მის საჭმელებს, რადგან ის მატყუარა პურია. |
|
| 4 |
|
| ნუ შეალევ ღონეს გამდიდრებას, შეეშვი ამაზე ფიქრს. |
|
| 5 |
|
| მოავლებ მას თვალს და აღარ არის იგი, რადგან შეისხამს იგი ფრთებს არწივივით და ცაში აფრინდება. |
|
| 6 |
|
| ნუ შეჭამ თვალბოროტის პურს და მის საჭმელებს ნუ ისურვებ, |
|
| 7 |
|
| რადგან როგორც ის ფიქრობს თავის სულში, ისეთია იგი: „ჭამე და სვი“, გეტყვის, მისი გული კი შენთან არაა. |
|
| 8 |
|
| შენს ლუკმას, რომელიც შეჭამე, ამოარწყევ და ამაოდ დახარჯავ თავაზიან სიტყვებს. |
|
| 9 |
|
| ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან ის აბუჩად აიგდებს შენი სიტყვების გონივრულობას. |
|
| 10 |
|
| ნუ გადასცდები ძველ საზღვარს და ობოლთა მინდვრებში ნუ შეხვალ, |
|
| 11 |
|
| რადგან მათი გამომსყიდველი ძლიერია, ის იდავებს მათ დავას შენთან. |
|
| 12 |
|
| შენი გული მიაპყარ დარიგებას და შენი ყურები – ცოდნის ნათქვამს. |
|
| 13 |
|
| ნუ მოერიდები ყმაწვილის დასჯას, რადგან თუ შოლტით სცემ მას, არ მოკვდება. |
|
| 14 |
|
| შენ შოლტით სცემ მას, მის სულს კი შავეთისაგან იხსნი. |
|
| 15 |
|
| ჩემო შვილო! თუ დაბრძენდება შენი გული, გაიხარებს ჩემი გულიც, |
|
| 16 |
|
| და გამხიარულდება ჩემი ფილტვები, როდესაც შენი ბაგენი სწორს ილაპარაკებენ. |
|
| 17 |
|
| ნუ შეშურდება შენს გულს ცოდვილებისა, არამედ უფლის შიშში იყოს მთელ დღეს, |
|
| 18 |
|
| რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა. |
|
| 19 |
|
| ისმინე, შვილო, და დაბრძენდი და მიმართე შენი გული სარწმუნო გზაზე. |
|
| 20 |
|
| ნუ იქნები ღვინის მსმელთა შორის, ხორცით გაუმაძღართა შორის, |
|
| 21 |
|
| რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს. |
|
| 22 |
|
| უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი. |
|
| 23 |
|
| სიმართლე შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონებას ნუ გაყიდი. |
|
| 24 |
|
| ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით. |
|
| 25 |
|
| გაიხარონ მამაშენმა და დედაშენმა და ილხინოს შენმა მშობელმა. |
|
| 26 |
|
| მე მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა. |
|
| 27 |
|
| რადგან ღრმა ორმოა მეძავი და ვიწრო ჭა – უცხოტომელი ქალი. |
|
| 28 |
|
| ის ყაჩაღივით გისაფრდება და მოღალატეებს ამრავლებს ადამიანებში. |
|
| 29 |
|
| ვის „ვაი“ და ვის „უი“? ვის შუღლი? ვის საჩივარი? ვის ამაო ჭრილობები? ვის თვალების სიწითლე? |
|
| 30 |
|
| ღვინოზე გვიანობამდე დამხანებელთ, განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ მავალთ. |
|
| 31 |
|
| ნუ უყურებ ღვინოს, რომ წითელია, თასს რომ აძლევს თავის ფერს, პირდაპირ რომ გადადის ყელში. |
|
| 32 |
|
| შემდეგ კი, გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. |
|
| 33 |
|
| შენი თვალები უცხო ხილვებს იხილავენ და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს. |
|
| 34 |
|
| იქნები ზღვის გულში მწოლარესავით, ან ანძის წვერზე. |
|
| 35 |
|
| „მცემენ – არ მეტკინება! მირტყამენ – ვერ ვიგრძნობ! როდის გავიღვიძებ? – ისევ მას დავუწყებ ძებნას.“ |
|
|
|
|