|
| 1 |
|
| თუ მთავართან დაჯდები პურის საჭმელად, კარგად დააკვირდი, რა გიდევს წინ; |
|
| 2 |
|
| თავი შეიკავე, თუ მსუნაგი ხარ. |
|
| 3 |
|
| ნუ მიეძალები მასპინძლის ნუგბარს, რადგან მაცდური პურია. |
|
| 4 |
|
| ძალ-ღონეს ნუ შეალევ გამდიდრებას, მოიშორე ამაზე ფიქრი. |
|
| 5 |
|
| გაიხედავ და აღარ არის, რადგან ორბივით ფრთებს შეისხამს და ზეცაში აფრინდება. |
|
| 6 |
|
| ნუ შეჭამ მოშურნესთან პურს, და გულით ნუ ისურვებ მის საჭმელებს, |
|
| 7 |
|
| რადგან რასაც ამბობს, იმას არ ფიქრობს: „ჭამე და სვიო“, გეუბნება, მისი გული კი სხვას ამბობს. |
|
| 8 |
|
| რაც ჭამე, უკან ამოარწყევ და ფუჭად დახარჯავ თავაზიან სიტყვებს. |
|
| 9 |
|
| ბრიყვის გასაგონად ნუ ილაპარაკებ, რადგან აბუჩად აიგდებს შენს გონივრულ სიტყვებს. |
|
| 10 |
|
| ნუ შეცვლი ძველ საზღვრებს და ობოლთა ყანებში ნუ შეხვალ, |
|
| 11 |
|
| რადგან მათი გამომსყიდველი ძლიერია, ის იდავებს მათ დავას შენთან. |
|
| 12 |
|
| გული მიაპყარ დარიგებას და ყური – ცოდნის სიტყვებს. |
|
| 13 |
|
| ნუ მოაკლებ წვრთნას შენს შვილებს; წკეპლა არ მოკლავს მათ. |
|
| 14 |
|
| წკეპლის ცემით შენ მის სულს სიკვდილისაგან იხსნი. |
|
| 15 |
|
| შვილო, თუ დაბრძენდება შენი გული, ჩემი გულიც გაიხარებს, |
|
| 16 |
|
| ჩემი გული გაიხარებს, როდესაც შენი პირიდან სიმართლეს გავიგებ. |
|
| 17 |
|
| ნუ შეშურდება შენს გულს ცოდვილისა, არამედ უფლის შიში გქონდეს მუდამ, |
|
| 18 |
|
| რადგან არის მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა. |
|
| 19 |
|
| ისმინე, შვილო, და იყავი ბრძენი, და მიმართე შენი გული სარწმუნო გზაზე. |
|
| 20 |
|
| ნუ იქნები მემთვრალეთა და ხორცით გაუმაძღართა შორის, |
|
| 21 |
|
| რადგან ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და ძილის მოყვარული ჩაიცვამს ძონძებს. |
|
| 22 |
|
| უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და ნუ მოიძულებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება. |
|
| 23 |
|
| სიმართლე შეიძინე და აღარ გაყიდო; შეიძინე სიბრძნე, შეგონება და გონიერება. |
|
| 24 |
|
| ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით. |
|
| 25 |
|
| გაიხარონ შენმა მამამ და დედამ – შენმა მშობელმა. |
|
| 26 |
|
| მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა. |
|
| 27 |
|
| მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა სხვისი ცოლი. |
|
| 28 |
|
| ყაჩაღივით გისაფრდება და მოღალატეებს ამრავლებს ხალხში. |
|
| 29 |
|
| ვინ გმინავს? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უდანაშაულო ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? |
|
| 30 |
|
| ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ დადის. |
|
| 31 |
|
| ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეს, აზარფეშაში ნაპერწკლებს რომ ისვრის და მორაკრაკებს; |
|
| 32 |
|
| შემდეგ კი გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. |
|
| 33 |
|
| შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს; |
|
| 34 |
|
| შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. |
|
| 35 |
|
| იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდი; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებ სასმელს.“ |
|
|
|
|