|
| 1 |
|
| ესეც სოლომონის იგავებია, რომელნიც გადაიწერეს ხიზკიაჰუს, იუდას მეფის, კაცებმა: |
|
| 2 |
|
| საქმეთა დაფარვა ღვთის ღირსებაა ხოლო საქმის გამოკვლევა – მეფის ღირსება. |
|
| 3 |
|
| ზეცა მაღალია და მიწა – ღრმა, ხოლო მეფეთა გული გამოუკვლეველია. |
|
| 4 |
|
| განაშორეთ წიდა ვერცხლისაგან და გამოუვა გამომდნობელს ჭურჭელი. |
|
| 5 |
|
| მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება. |
|
| 6 |
|
| ნუ გამშვენდები მეფის წინაშე და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები, |
|
| 7 |
|
| რადგან სჯობს გითხრან: „ამოდი აქ“, ვიდრე დაგამცირონ კეთილშობილის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა. |
|
| 8 |
|
| ნუ ჩაერევი დავაში სწრაფად, რადგან რას გააკეთებ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მეზობელი? |
|
| 9 |
|
| იდავე შენი დავა შენს მეზობელთან, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ, |
|
| 10 |
|
| რათა არ შეგიზიზღოს გამგონემ, და შენი ცილისწამება არ მოგიბრუნდეს. |
|
| 11 |
|
| წესიერად ნათქვამი სიტყვა ვერცხლით მოვარაყებული ოქროს ვაშლებია. |
|
| 12 |
|
| როგორც ოქროს ბეჭედი და ბაჯაღლოს სამკაული, ისეა ბრძნული გაკიცხვა ყურადღებიანი ყურისათვის. |
|
| 13 |
|
| როგორც თოვლის სიგრილეა მკის დღეს, ისე სანდოა მსტოვარი მისი გამომგზავნელისათვის, და თავისი ბატონის სულს მოაბრუნებს. |
|
| 14 |
|
| კაცი, მოტრაბახე ტყუილი საჩუქრით უწვიმო ღრუბელი და ქარია. |
|
| 15 |
|
| მოთმინებით მოდრკება მთავარი, და რბილი ენა ძვალს დაამსხვრევს. |
|
| 16 |
|
| ჰპოვე თაფლი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, თორემ გაძღები და ამოარწყევ. |
|
| 17 |
|
| დააძვირე შენი ფეხი შენი მოყვასის სახლში, თორემ მოყირჭდები და შეგიძულებს. |
|
| 18 |
|
| კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი – დამამოწმებელი ცრუ მოწმობისა თავისი მოყვასისათვის. |
|
| 19 |
|
| უვარგისი კბილი და ნაღრძობი ფეხი მოღალატის საყრდენია უბედურების დღეს. |
|
| 20 |
|
| რაც ტანსაცმლის გამხდელია ცივ დღეს, რაც ძმარია ტუტეზე, ისაა სიმღერის მომღერალი ნაღვლიან გულზე. |
|
| 21 |
|
| თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი და, თუ სწყურია, შეასვი წყალი, |
|
| 22 |
|
| რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ. |
|
| 23 |
|
| ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა – მრისხანე სახეს. |
|
| 24 |
|
| ბინის კუნჭულში ცხოვრება სჯობს ანჩხლ ქალთან საერთო სახლში ცხოვრებას. |
|
| 25 |
|
| რაც ცივი წყალია დაღლილი სულისათვის, ისაა კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან. |
|
| 26 |
|
| მართალი, უკეთურის წინაშე დაცემული, არის როგორც ატალახებული წყარო და მოოხრებული სათავე. |
|
| 27 |
|
| ბევრი თაფლის ჭამა არაა კარგი, და სხვისი ღირსების ჩხრეკა არ არის ღირსება. |
|
| 28 |
|
| უგალავნო დანგრეული ქალაქია კაცი, რომელიც თავის სულს ვერ იოკებს. |
|
|
|
|