|
| 1 |
|
| ნუ იქადი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი, ეს დღე რას მოიტანს. |
|
| 2 |
|
| ნუ შეიქებ თავს, სხვამ შეგაქოს; სხვამ, და არა შენმა ბაგეებმა. |
|
| 3 |
|
| ლოდი მძიმეა და არც ქვიშაა მსუბუქი, ხოლო სულელის რისხვა ორივეზე მძიმეა. |
|
| 4 |
|
| მრისხანება სისასტიკეა, ბრაზი – წამლეკავი, შურს კი ვინ აღუდგება წინ? |
|
| 5 |
|
| ცხადი მხილება სჯობს დაფარულ სიყვარულს. |
|
| 6 |
|
| მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას. |
|
| 7 |
|
| მაძღარი თაფლსაც დაიწუნებს, მშიერს კი მწარეც ტკბილი ჰგონია. |
|
| 8 |
|
| სახლიდან გადახვეწილი კაცი მსგავსია ბუდემოშლილი ჩიტისა. |
|
| 9 |
|
| ზეთი და საკმეველი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია. |
|
| 10 |
|
| შენს მეგობარსა და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ, და შენი ძმის სახლში ნუ წახვალ შენი გასაჭირის დღეს. კარის მეზობელი გერჩიოს შორს მყოფ ძმას. |
|
| 11 |
|
| დაბრძენდი, შვილო, და გამიხარე გული; და მეც სათქმელი მექნება მოწინააღმდეგისთვის. |
|
| 12 |
|
| გონიერი ხედავს საფრთხეს და იმალება, გულუბრყვილო კი ჯიქურ მიდის და ისჯება. |
|
| 13 |
|
| აიღე მისი მოსასხამი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად, და უცხოტომელის წილად გაცემული გირაოც. |
|
| 14 |
|
| ხმამაღალი მისალმება დილაუთენია წყევლად ჩაეთვლება მიმსალმებელს. |
|
| 15 |
|
| რაღა ცივი წვიმა და რაღა ანჩხლი ცოლი; |
|
| 16 |
|
| მისი შემკავებელი ქარს აკავებს და მუჭით ზეთს იჭერს. |
|
| 17 |
|
| რკინა რკინას ლესავს და კაცი კაცს. |
|
| 18 |
|
| ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს და ბატონის მომვლელს პატივი არ მოაკლდება. |
|
| 19 |
|
| როგორც წყალში ირეკლება კაცის სახე, ისე ირეკლება გული – გულში. |
|
| 20 |
|
| როგორც შავეთი და ჯოჯოხეთი ვერ გაძღება, ისე – კაცის თვალი. |
|
| 21 |
|
| ვერცხლი ბრძმედში იწრთობა გამოხურვებით, ოქრო – ქურაში, კაცი კი ქებით გამოიცდება. |
|
| 22 |
|
| ფილაშიც რომ ნაყო სულელი, სიბრიყვეს ვერ მოაცილებ. |
|
| 23 |
|
| იცოდე შენი სამწყსოს ზნე და იზრუნე ფარაზე, |
|
| 24 |
|
| რადგან საუკუნო არა არის სიმდიდრე და მუდამ არც გვირგვინი გადადის თაობიდან თაობაზე. |
|
| 25 |
|
| ბალახი ჭკნება, მაგრამ ამოიწვერება ახალი ჯეჯილი, და გადაითიბება მთის კალთები; |
|
| 26 |
|
| გეყოლება ცხვარი სამოსისათვის და თხა – მინდვრის საფასურისთვის, |
|
| 27 |
|
| თხის რძე საკმარისი გექნება სახლეულისა და მონა-მხევალთა სარჩენად. |
|
|
|
|