|
| 1 |
|
| თუ მრავალგზის მხილებული მაინც ქედფიცხელობს, ანაზდეულად გადატყდება და არ იქნება მისთვის კურნება. |
|
| 2 |
|
| მართალთა აღზევებისას ხალხი ხარობს; უკეთურთა ბატონობისას კი გმინავს. |
|
| 3 |
|
| სიბრძნის მიმდევარი მამას ახარებს; მეძავთა ამყოლი კი ქონებას ანიავებს. |
|
| 4 |
|
| მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას; მძიმედ დამბეგრავი კი ამხობს მას. |
|
| 5 |
|
| მოყვასთან მლიქვნელი, მახეს უგებს მას ფეხქვეშ. |
|
| 6 |
|
| ბოროტი კაცი დანაშაულის ხაფანგში ებმება, ხოლო მართალი მღერის და ხარობს. |
|
| 7 |
|
| მართალმა იცის ღატაკთა უფლებები, უკეთურს არა აქვს ეს ცოდნა. |
|
| 8 |
|
| თავქარიანები ცეცხლს უკიდებენ ქალაქს, ხოლო ბრძენნი უკუაქცევენ რისხვას. |
|
| 9 |
|
| სულელ კაცთან მოდავე ბრძენკაცს, ბრაზობს თუ იცინის, სულერთია, არ ექნება მოსვენება. |
|
| 10 |
|
| სისხლის მოყვარულებს სძულთ უბიწო, წრფელნი კი ზრუნავენ მასზე. |
|
| 11 |
|
| ბრიყვი მთელ თავის რისხვას გამოხატავს, ბრძენი კი თავს იკავებს. |
|
| 12 |
|
| თუ მმართველი სიცრუეს ყურს მიუგდებს, მისი ყველა მსახური უკეთური იქნება. |
|
| 13 |
|
| ღატაკს და თაღლითს ერთი აქვთ საერთო: თვალის ჩინს ორივეს უფალი აძლევს. |
|
| 14 |
|
| მეფე, რომელიც სამართლიანად ასამართლებს ღარიბთ, სამუდამოდ განამტკიცებს თავის ტახტს. |
|
| 15 |
|
| წკეპლას და შეგონებას სიბრძნე მოაქვს, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია. |
|
| 16 |
|
| უკეთურთა მმრთველობისას დანაშაული მრავლდება; მაგრამ მართალნი იხილავენ მათ დამხობას. |
|
| 17 |
|
| გაწვრთენი შვილი და შვებას მოგგვრის. სიამეს მიანიჭებს შენს გულს. |
|
| 18 |
|
| თუ გამოცხადებები არ არის მაღლიდან, ხალხი თავს იშვებს; ნეტარია რჯულის დამცველი. |
|
| 19 |
|
| სიტყვით ვერ გაწვრთნი მონას, რადგან კიდევაც რომ გაიგოს, არ დაგიჯერებს. |
|
| 20 |
|
| გინახავს სიტყვაჩქარი კაცი? ბრიყვის მეტი იმედი გქონდეს, ვიდრე ამგვარი კაცისა. |
|
| 21 |
|
| მონას თუ სიყრმიდანვე გაანებივრებ, მემკვიდრედ გაგიხდება. |
|
| 22 |
|
| მრისხანე კაცი შუღლს თესავს, და გულფიცხი ბევრს ცოდავს. |
|
| 23 |
|
| ქედმაღლობას დამცირება მოსდევს, თვინიერებას კი დიდება მოაქვს. |
|
| 24 |
|
| ქურდის მოზიარე თავის მოძულეა; ესმის როგორ წყევლიან ქურდს, მაგრამ არ ამხელს. |
|
| 25 |
|
| კაცის შიში მახეა, უფალს მინდობილი კი ხელშეუხებელია. |
|
| 26 |
|
| მრავალი ეძებს ბატონის მოწყალე სახეს, მაგრამ კაცის ბედი უფლის ხელთაა. |
|
| 27 |
|
| მართალთათვის საზიზღრობაა უსამართლო კაცი, ხოლო უკეთურთათვის სწორი გზით მავალია საზიზღრობა. |
|
|
|
|