Ბიბლია 2002
|
| 1 |
| „ჩავედი ჩემს ბაღში, სასძლოვ, დაო ჩემო: მოვისთვლე მური და ჩემი სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრენით, საყვარელნო!“ |
| 2 |
| „მე მძინავს, ჩემი გული კი მღვიძარეა. აჰა, მესმის ხმა ჩემი საყვარელისა, რომ რეკავს: ‘გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები – ღამის წვეთებმა.’ |
| 3 |
| გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო? |
| 4 |
| ჩემმა საყვარელმა შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული. |
| 5 |
| ავდექი, რომ გამეღო ჩემი საყვარლისათვის; ხელებიდან წვეთავდა მური, თითებიდან ეწვეთებოდა მური კარის სახელურს. |
| 6 |
| გავუღე კარი ჩემს საყვარელს, მაგრამ გაბრუნდა ჩემი საყვარელი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი; ვუხმობდი მას, არ მაგონებდა. |
| 7 |
| შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს. მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა. |
| 8 |
| გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ საყვარელი ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.“ |
| 9 |
| „რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, უმჯობესო ასულთა შორის? რითი სჯობს საყვარელი შენი სხვათა საყვარლებს, ასე რომ გვაფიცებ?“ |
| 10 |
| „თეთრ-ყირმიზია საყვარელი ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული. |
| 11 |
| თავი მისი ოქროა რჩეული, თმები მისი დახვეული, შავია ყორანივით. |
| 12 |
| თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი. |
| 13 |
| ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურით მწთოლვარენი. |
| 14 |
| ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი სპილოსძვლის ჭურჭელია, საფირონით მოჭედილი. |
| 15 |
| წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული. მისი პირისახე ლიბანის მსგავსია და დიდებულია, როგორც კედარი. |
| 16 |
| მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი – ყოვლად სანატრელი. ეს არის საყვარელი ჩემი, ეს არის სატრფო ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!“ |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/songofsolomon/005.mp3
8
5