და იქნება, უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის სახლისა, მთების სათავეში დადგინდება, და ამაღლდება ბორცვებზე, და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი.
და წავლენ მრავალი ხალხები და იტყვიან: „მოდით და ავიდეთ უფლის მთაზე იაკობის ღმერთის სახლში, და ის გვასწავლის ჩვენ თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით.“ რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან.
და გაასამართლებს ის ერებს, და ამხილებს ის მრავალ ხალხებს; და გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს – ნამგლებად; აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს, და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას.
მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან გაივსნენ აღმოსავლეთიდან და მისნობენ ფილისტიმელთა და უცხოტომელთა მსგავსად; და უცხოტომელთა შვილებით კმაყოფილდებიან.
და ადამიანები ჩაძვრებიან კლდეთა გამოქვაბულებში და მიწის ხვრელებში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან, როდესაც ის აღდგება ქვეყნის მოსასპობად.