×

ბიბლია 2013

ესაია 20

1
იმ წელს, როდესაც აშდოდს მოადგა თართანი, აშურის მეფის, სარგონის, მიერ გამოგზავნილი, და შეებრძოლა აშდოდს და დაიპყრო იგი,
2
სწორედ მაშინ უთხრა უფალმა ესაიას, ამოცის ძეს: „წადი, ჯვალო მოიხსენი წელიდან და ხამლი გაიხადე ფეხზე.“ სწორედ ასე გააკეთა მან – დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი.
3
და თქვა უფალმა: „როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტიტველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად იყოს ეგვიპტისა და ქუშისთვის.
4
ასე გაირეკავს აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და ქუშიდან გადასახლებულთ, ყმაწვილებსა და მოხუცებულთ, ტიტველთ, ფეხშიშველთ და დუნდულგაშიშვლებულთ – ეგვიპტის შესარცხვენად.
5
მაშინ შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი სასოების, ქუშის გამო და მათი საკვეხური ეგვიპტის გამო.
6
და იტყვიან იმ დღეს ამ ზღვისპირეთის მცხოვრებნი: ‘აი, რა დაემართა ჩვენს იმედს, მათგან, ვისკენაც გავრბოდით შემწეობისათვის აშურის მეფისაგან გადასარჩენად! რა უნდა გვეშველოს ახლა?’“
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები