×

ბიბლია 2013

ესაია 21

1
წინასწარმეტყველება ზღვისპირეთის უდაბნოზე. როგორც გრიგალები მძვინვარებენ სამხრეთზე, ისე მოდის ის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან.
2
სასტიკი ხილვა მეჩვენა მე: მოღალატე ღალატობს და მძარცველი ძარცვავს. ამოდი, ყელამ! ალყა შემოარტყი, მიდია! ახლა ბოლოს მოვუღებ ყველა მის ოხვრას.
3
ამის გამო ჩემი წელი კანკალმა მოიცვა, ტკივილებმა შემიპყრო მე, მსგავსად მშობიარის ტკივილებისა, მოვიკრუნჩხე გაგონილისაგან, შევძრწუნდი ნახულისაგან.
4
გული მითრთის, შიში მზარავს; სიამის ღამე საშინელებად მექცა.
5
ტაბლა გააწყვეს, ნოხები დააგეს, ჭამენ და სვამენ. ადექით, მთავრებო, ფარები გაპოხეთ!
6
ასე მითხრა უფალმა: „მიდი, დააყენე მზირი, რათა გაუწყოს, რასაც ხედავს.
7
და დაინახავს ის წყვილ-წყვილად მომავალ მხედრებს, და ხალხს ჯორ-აქლემებზე ამხედრებულთ. ყურადღებით იყოს, დიდი გულისყურით.“
8
და ლომივით იყვირა მზირმა: „უფალო, საგუშაგოზე ვიდექი დღისით და ღამით.
9
აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები!“ და შემდეგ შესძახა: „დაეცა, დაეცა ბაბილონი! მისი კერპები დაიმსხვრა, მიწაზე ყრია დანარცხებული.“
10
ოჰ, ჩემო კალოზე გალეწილო და განიავებულო ხალხო! რაც ვისმინე მე ცაბაოთ უფლის, ისრაელის ღმერთისაგან, ახლა გაუწყებთ მე თქვენ.
11
წინასწარმეტყველება დუმაზე. სეყირიდან მეძახიან: „გუშაგო, ღამის რა ჟამია? გუშაგო, ღამის რა ჟამია?“
12
გუშაგი პასუხობს: „გათენება ახლოვდება, მაგრამ ჯერ ისევ ღამეა! თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ, კვლავ მოდით.“
13
წინასწარმეტყველება არაბეთზე. არაბეთის ჩირგვნარებში გაათიეთ ღამე დედანელთა ქარავნებო!
14
თემას ქვეყნის მცხოვრებნო, მწყურვალს მიაწოდეთ წყალი; გაქცეულებს გამოუტანეთ პური!
15
რადგან მახვილს გაურბიან ისინი, ამოწვდილ მახვილს, მოჭიმულ მშვილდს და ომის სიმძიმეს.
16
ასე მითხრა მე უფალმა: „ერთი წელიც მოქირავნის წლებით და გაქრება მთელი დიდება კედარისა.
17
ცოტანიღა გადარჩებიან კედარის მშვილდოსანთაგან.“ ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები