„წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ‘ასე თქვა უფალმა: მე მახსოვს შენი კეთილგანწყობილება ჩემდამი შენს სიყმაწვილეში; შენი ჩემდამი სიყვარული, როდესაც პატარძალი იყავი; უკან რომ მომდევდი უდაბნოში, დაუთესავ ქვეყანაში.
და არ თქვეს: ‘სად არის უფალი, რომელმაც გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან? გვატარებდა ჩვენ უდაბნოში, მოშიშვლებულ და თხრილებიან ქვეყანაში, ურწყულ და აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის არ გაუვლია და სადაც არავინ სახლობს?’
მღვდლები არ კითხულობდნენ: ‘სად არის უფალი?’ და რჯულის დამჭერნი არ მიცნობდნენ მე, და მწყემსნი დანაშაულს ჩადიოდნენ ჩემს წინააღმდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და ურგებებს ედევნებოდნენ.
„რადგან ორი სიბოროტე ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს, რათა თავიანთთვის ამოეკვეთათ ჭები, დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს.
შენი ბოროტმოქმედება დაგსჯის შენ და შენი განდგომილებანი გამხილებს შენ. გაიგებ და დაინახავ, რა ცუდი და მწარეა, რომ დატოვე უფალი, შენი ღმერთი, და შიში არ გაქვს ჩემს წინაშე!“ – სიტყვა უფლისა, ყოვლადძლიერი ღმერთისა. –
„რადგან ძველთაგან დალეწე შენი უღელი, დაწყვიტე შენი ბორკილები და თქვი: ‘არ ვემსახურები მეტად კერპებს,’ მაგრამ ყოველ მაღალ ბორცვზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ მეძავივით წვებოდი.
უდაბნოსთან შეჩვეულ კანჯარს, თავისი სულის ვნებით რომ ისუნთქავს ჰაერს, ვინ მოაბრუნებს მისი ავხორცობიდან? ყოველი მისი მძებნელი არ დაიღლება, იპოვნის მის თვეში.
როგორც ქურდია შერცხვენილი, როცა წაასწრებენ, ისე შერცხვება ისრაელის სახლი, ისინი, მათი მეფენი, მათი მთავარნი და მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველნი,
რომლებიც ეუბნებიან ხეს: ‘შენ მამა ხარ ჩემი!’ და ქვას: ‘შენ მშობე მე!’ რადგან ზურგი მაქციეს მე და არა პირი, ხოლო თავიანთი უბედურობის დროს ამბობენ: ‘ადექი და გვიხსენი ჩვენ!’
სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც გაიკეთე შენთვის? ადგნენ, აბა, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს, რადგან შენი ქალაქების რიცხვისამებრ იყვნენ შენი ღმერთები, იუდა!