Ბიბლია 2013
|
| 1 |
| როგორ დააბნელა უფალმა რისხვით სიონის ასული! ზეციდან მიწაზე გადმოაგდო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი მისი მრისხანების დღეს. |
| 2 |
| უწყალოდ მოსპო უფალმა იაკობის ყოველი მშვენიერება; გულისწყრომით დააქცია იუდას ასულის ციხესიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; შებღალა სამეფო და მისი მთავარნი. |
| 3 |
| გულისწყრომის რისხვით მოამტვრია რქები ისრაელს; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და ცეცხლი ააგიზგიზა იაკობში, როგორც ხანძრის ალი, ირგვლივ ყველაფრის მომჭმელი. |
| 4 |
| მშვილდი მოზიდა, როგორც მტერმა, აღმართა მარჯვენა, როგორც მომხდურმა, და მოსრა ყოველი თვალის საამური ჩემი; სიონის ასულის კარავზე გადმოანთხია თავისი გულისწყრომა, როგორც ცეცხლი. |
| 5 |
| მტრად მექცა უფალი, დააქცია ისრაელი, მოსპო მისი პალატები, დაანგრია მისი ციხესიმაგრენი და გაამრავლა იუდეის ასულის კვნესა და ტირილი. |
| 6 |
| დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი. |
| 7 |
| უარყო უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელთ თავისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს მათ უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს. |
| 8 |
| განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, ლარი გაჭიმა, ხელი არ აუღია მის მოსპობაზე; და დასცა მიწაყრილი და გალავანი – ერთად შეიმუსრნენ ისინი. |
| 9 |
| მიწაში ჩაეფლნენ მისი კარიბჭენი; მან შემუსრა მისი ურდულები; წარმართებში გადააზღვავა მისი მეფე და მთავრები; აღარ არის რჯული და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ხედავენ ხილვებს უფლისაგან. |
| 10 |
| მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი და ნაცარი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს ტანზე; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს. |
| 11 |
| ცრემლით დამებინდა თვალები, შიგნეული მიშფოთავს, ნაღველი მეწვის ჩემი ერის ასულის უბედურების გამო, როცა ვხედავ შიმშილით გულწასულ ბავშვებსა და ჩვილებს ქალაქის ქუჩებში. |
| 12 |
| დედებს შესტირიან: სად არის პური და ღვინოო? როდესაც გული მისდით ქალაქის ქუჩებში, როგორც მძიმედ დაჭრილებს და სული ამოსდით დედის კალთაზე. |
| 13 |
| რა გიწოდო შენ, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო, რადგან ზღვასავით დიდია შენი წყლული? ვინ განგკურნოს შენ? |
| 14 |
| შენი წინასწარმეტყველნი ცრუსა და სულელურ ხილვებს გაუწყებდნენ შენ და არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს, რომ აგცდენოდა ტყვეობა; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ ხილვებს გაუწყებდნენ, რომელთაც დევნულებისაკენ მიჰყავდი შენ. |
| 15 |
| ტაშს შემოჰკრავს ყველა გზად გამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენება არისო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო? |
| 16 |
| დააღო შენზე პირი ყველა შენმა მტერმა, უსტვენენ და კბილებს ახრჭიალებენ, ამბობენ: გადავყლაპეთო ჩვენ იგი, ნამდვილად ეს ის დღეა, რომელსაც ველოდითო, ვიპოვეთ, ვიხილეთო! |
| 17 |
| აღასრულა უფალმა, რაც განიზრახა, აახდინა თავისი ნათქვამი, რომელიც ბრძანა ძველთაგან; დაანგრია და არ შეიბრალა; გაახარა შენზე მტერი, აღამაღლა შენს მაჭირვებელთა რქა. |
| 18 |
| მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, მდინარესავით ღვარეთ ცრემლი დღედაღამ; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას; ცრემლი ნუ შეგაშრება თვალზე. |
| 19 |
| ადექი, შეჰღაღადე ღამის ყოველ გუშაგობაზე, წყალივით გადმოღვარე შენი გული უფლის წინაშე; მისკენ გაიწოდე ხელი შენს ჩვილთა სასიცოცხლოდ, შიმშილით რომ სულს ღაფავენ გზათაგასაყარებზე. |
| 20 |
| მოიხედე, უფალო, და მოიხილე, ვის მოქცევიხარ ასე? სად ყოფილა, რომ დედებს დაეჭამათ ნაყოფი თავისი მუცლისა – ძუძუთა ჩვილები? სად ყოფილა, რომ უფლის საწმიდარში მოეკლათ მღვდელი და წინასწარმეტყველი? |
| 21 |
| ქუჩებში ყრიან ყმაწვილები და მოხუცები, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად დაკალი. |
| 22 |
| როგორც დღესასწაულის დღეს, მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს მაძიებელთ, და არ იყო უფლის რისხვის დღეს არც გაქცეული და არც გადარჩენილი. ვისაც სათუთად ვანებივრებდი და ვზრდიდი, ჩემმა მტერმა მოუღო ბოლო. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/lamentations/002.mp3
5
2