„ძეო კაცისავ! ილაპარაკე ისრაელის უხუცესებთან და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა, ღმერთმა: ჩემს საკითხავად მოხვედით თქვენ. ცოცხალი ვარ მე, თუ გაკითხვინეთ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. –
და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმ დღეს, როდესაც მე ამოვარჩიე ისრაელი და ავუწიე ჩემი ხელი იაკობის სახლის თესლს და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში და ავუწიე მათ ჩემი ხელი, ვუთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
იმ დღეს ავუწიე მათ ჩემი ხელი ფიცით, რომ გავიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც გამოვძებნე მათთვის – ქვეყანა მადინებელი რძისა და თაფლისა. ის ყველა ქვეყანაზე მშვენიერია.
მაგრამ ისინი აღმიდგნენ მე და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა. არც ერთმა არ განაგდო თავის თვალის სისაძაგლეები და ეგვიპტის კერპები არ მიატოვა, და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა ჩემი რისხვა და დამესრულებინა ჩემი წყრომა მათზე შიგ ეგვიპტის ქვეყანაში.
მაგრამ მე ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც ისინი იმყოფებოდნენ, რომელთა თვალწინაც გამოვუცხადე მათ, რომ გამოვიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
მაგრამ ისრაელის სახლი აღმიდგა მე უდაბნოში, ჩემი წესებისამებრ არ იარეს და ჩემი სამართალი შეიზიზღეს, რომელიც უნდა შეესრულებინა ადამიანს და ეცოცხლა მით. და ჩემი შაბათები შებღალეს მეტისმეტად. და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე უდაბნოში ჩემი რისხვა, რათა ამომეწყვიტა ისინი.
მაგრამ აღმიდგნენ მე ძენი, ჩემი წესებით არ იარეს და ჩემი სამართალი არ დაიცვეს, არ შეასრულეს ისინი, რომელთა შესრულებით ადამიანს უნდა ეცოცხლა. ჩემი შაბათები შებღალეს და ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე ჩემი რისხვა, დამესრულებინა მათზე ჩემი წყრომა უდაბნოში.
და უწმიდურად გამოვაცხადე ისინი თავიანთი შესაწირავებით, საშოს ყოველი გამღების ცეცხლში გატარებით, რათა გაუკაცრიელებულიყვნენ, რათა გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი.
ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ძეო კაცისავ! და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: კიდევ ამით მლანძღავდნენ მე თქვენი მამები, მუხთლობით მუხთლობდნენ ჩემს მიმართ.
და მოვიყვანე ქვეყანაში, რომელზეც ავწიე ხელი, რომ მივცემდი მათ, და მათ დაინახეს ყოველი მაღალი ბორცვი და ყოველი ხშირტოტიანი ხე და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, და მაჯავრებდნენ იქ თავიანთი მსხვერპლით და დებდნენ იქ თავიანთ საყნოსავ კეთილსურნელებას და უღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
და თქვენი შესაწირავების მოტანით, თქვენს ძეთა ცეცხლში გატარებით არ იბილწებით მთელი თქვენი კერპებითურთ დღემდე? და მე გაკითხვინებთ თავს, ისრაელის სახლო? ცოცხალი ვარ მე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘არ გაკითხვინებთ თავს.
და გამოვყოფ თქვენგან მეამბოხეებს და დამნაშავეთ ჩემს წინაშე. მათი საცხოვრებელი ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!’
და თქვენ, სახლო ისრაელისა, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თითოეული თავის კერპთან წავიდეს და ემსახუროს მას, და მერე, თუ არ მომისმენთ, ჩემს წმიდა სახელს მეტად ვეღარ შებღალავთ თქვენი საჩუქრებითა და თქვენი კერპებით.
რადგან, ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე’, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იქ მემსახურებით მთელი სახლი ისრაელისა – ყველანი ქვეყანაზე. იქ მოვისურვებ მათ და იქ მოვითხოვ თქვენს შეწირულობებს და პირველნაყოფს თქვენი მოსავლისა ყველა თქვენი სიწმიდითურთ.
საყნოსავ კეთილსურნელებად შეგიწყნარებთ თქვენ, როდესაც გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ, და წმიდად გამოვცხადდები თქვენში ხალხების თვალწინ.
და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მოგექცევით ჩემი სახელის გულისათვის, არა თქვენი ბოროტი გზებისა და თქვენი შერყვნილი ნამოქმედარისამებრ, ისრაელის სახლო!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა.
და უთხარი სამხრეთის ტყეს: ‘ისმინე სიტყვა უფლისა. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ცეცხლს შეგინთებ და შეჭამს შენში ყველა ნედლსა და ყველა გამხმარ ხეს. არ ჩაქრება აალებული ალი და დაიხრუკება მასში მთელი ზედაპირი სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.