დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ნისლიანი! დილის რიჟრაჟივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში.
უფალმა გასცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის აღმსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს“; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: „შეიწყალე, უფალო, ერი შენი! ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა სად არისო მათი ღმერთი?“
ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს – დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვს ჩადენილი.“