Ბიბლია 2013
|
| 1 |
| არ გაიკეთოთ კერპები, და ქანდაკებები და სვეტები არ აღიმართოთ, და გამოსახულებიანი ქვა არ დადგათ თქვენს ქვეყანაში სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი. |
| 2 |
| ჩემი შაბათები დაიცავით და მოწიწებით მოეპყარით ჩემ საწმიდარს. მე ვარ უფალი. |
| 3 |
| თუ ივლით ჩემი წესებით და ჩემს მცნებებს დაიცავთ და აღასრულებთ, |
| 4 |
| მე მოგივლენთ წვიმებს დროულად და მიწა გამოიღებს მოსავალს, და ხე ბაღ-ვენახთა მოგცემთ თავის ნაყოფს, |
| 5 |
| რთვლობამდე გასტანს თქვენი კალოობა, და რთვლობა – ხვნა-თესვამდე; და შეჭამთ თქვენს პურს მაძღრისად, და იცხოვრებთ მშვიდად თქვენს ქვეყანაში. |
| 6 |
| დავამყარებ მშვიდობას ქვეყანაში და მშვიდად და უშფოთველად დაწვებით. განვდევნი სასტიკ მხეცებს ქვეყნიდან. და მახვილი არ გადაივლის თქვენს ქვეყანაზე. |
| 7 |
| განდევნით თქვენს მტრებს და დაეცემიან თქვენს წინაშე მახვილით. |
| 8 |
| ხუთი თქვენგანი განდევნის ასს და ასი თქვენგანი – 10 ათასს, და დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე მახვილით. |
| 9 |
| მოგხედავთ თქვენ, და ნაყოფიერს გაგხდით და გაგამრავლებთ, და განვამტკიცებ ჩემს აღთქმას თქვენთან. |
| 10 |
| ჭამეთ შარშან დაგროვილი, და გადაყარეთ ძველი, ახალს რომ მოკრებთ. |
| 11 |
| ჩემს სავანეს თქვენში დავიდგამ, და არ მოგიძულებთ თქვენ ჩემი სული. |
| 12 |
| ვივლი თქვენს შორის და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, და თქვენ იქნებით ჩემი ხალხი. |
| 13 |
| მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონები. მე დავწყვიტე აპეურები თქვენი უღლისა და წამოგიყვანეთ თავაღმართულნი. |
| 14 |
| თუ არ დამემორჩილებით და არ აღასრულებთ ყველა ამ მცნებებს, |
| 15 |
| და თუ უკუაგებთ ჩემს წესებს, თუ ჩემს სამართალს შეიძულებთ, არ აღასრულებთ ჩემს ყოველ მცნებას და ჩემს აღთქმას დაარღვევთ, |
| 16 |
| მეც ასევე მოგექცევით თქვენ: მოვავლენ თქვენზე საშინელებას, მღიერებას და ციებ-ცხელებას, რომელნიც ქანცავენ თვალებს და აწამებენ სულს. ამაოდ დათესავთ თქვენს თესლს, რადგან თქვენი მტრები შეჭამენ მას. |
| 17 |
| მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენსკენ და განიგმირებით თქვენი მტრების წინაშე, და იბატონებენ თქვენზე თქვენი მოძულენი, და გაიქცევით, თუმცა მადევარი არ გეყოლებათ. |
| 18 |
| და თუ მაინც არ გამიგონებთ, შვიდჯერ გავზრდი სასჯელს თქვენი ცოდვების გამო. |
| 19 |
| გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას და სპილენძად – თქვენს მიწას, |
| 20 |
| ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე, რადგან არ გამოიღებს თქვენი მიწა თავის მოსავალს, და ხე თქვენი მიწისა არ გამოიღებს თავის ნაყოფს. |
| 21 |
| და თუ მაინც წამოხვალთ ჩემს წინააღმდეგ და არ მომისმენთ, შვიდმაგად გავზრდი თქვენს გვემას თქვენი ცოდვების გამო. |
| 22 |
| მოგისევთ ველის ნადირს, რომლებიც მოსპობენ თქვენს შვილებს, და ამოგიწყვეტენ საქონელს, გამოგლევენ და გაუკაცრიელდება თქვენი გზები. |
| 23 |
| და თუ ამითაც არ გამოსწორდებით და განაგრძობთ წინააღმდეგობას, |
| 24 |
| მეც ვიქნები თქვენს წინააღმდეგ და გგვემთ შვიდმაგად თქვენი ცოდვების გამო. |
| 25 |
| მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებისათვის. და თუ დაიმალებით თქვენს ქალაქებში, მაშინ მოვავლენ შავ ჭირს თქვენში და მტრის ხელში ჩაცვივდებით. |
| 26 |
| ისე გაგიქრობთ პურის სახსარს, რომ ათი ქალი გამოაცხობს თქვენთვის პურს ერთ თონეში, წონით მოგცემენ თქვენს პურს, ჭამთ და ვერ გაძღებით. |
| 27 |
| და თუ ამის შემდეგაც არ გამიგონებთ და იქნებით ჩემს წინააღმდეგ, |
| 28 |
| მეც წამოვალ სისასტიკით თქვენს წინააღმდეგ და დაგსჯით შვიდმაგად თქვენი ცოდვების გამო. |
| 29 |
| თქვენი ვაჟებისა და ასულების ხორცს შეჭამთ. |
| 30 |
| გავანადგურებ თქვენს მაღლობებს და დავაქცევ თქვენი მზის კერპებს, და დავყრი თქვენს გვამებს თქვენს დამსხვრეულ კერპებზე, და შეგიძულებთ ჩემი სული. |
| 31 |
| უდაბნოდ ვაქცევ თქვენს ქალაქებს, და ავაოხრებ თქვენს საკურთხევლებს, და აღარ ვიყნოსავ თქვენს მსხვერპლთა კეთილსურნელებას. |
| 32 |
| ავაოხრებ თქვენს ქვეყანას ისე, რომ გაოგნდებიან იქ ჩასახლებული თქვენი მტრები; |
| 33 |
| გაგფანტავთ ხალხებს შორის და ვიშიშვლებ მახვილს თქვენს კვალდაკვალ; გადაიქცევა თქვენი ქვეყანა უდაბნოდ და თქვენი ქალაქები – ნანგრევებად. |
| 34 |
| მაშინ აინაზღაურებს თავის შაბათებს მიწა უკაცრიელების ჟამს; და როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ დაისვენებს მიწა და იკმარებს თავის შაბათებს. |
| 35 |
| თავისი უკაცრიელების ჟამს დაისვენებს იმდენს, რამდენიც არ დაუსვენია თქვენს შაბათებში, როცა თქვენ მკვიდრობდით იქ. |
| 36 |
| და ვინც თქვენგან გადარჩება, გულებში შთავნერგავ სიმხდალეს მათი მტრების ქვეყანაში, და ფოთლის შრიალის ხმაც კი შეაშინებს მათ, და გაიქცევიან, როგორც გაურბიან მახვილს, და დაეცემიან, როცა არავინ იქნება მათი მადევარი. |
| 37 |
| ერთმანეთზე წაიბორძიკებენ, როგორც მახვილისაგან გაქცეულნი, თუმცა მდევნელი არავინ იქნება. და არ გექნებათ ძალა, რომ გაუძლოთ თქვენს მტერს. |
| 38 |
| დაიღუპებით ხალხთა შორის და შთაგნთქავთ მიწა თქვენი მტრებისა. |
| 39 |
| და თქვენგან გადარჩენილნი ჩამოხმებიან თავიანთი ცოდვებისაგან თქვენი მტრების ქვეყანაში, და თავიანთი მამების ცოდვების გამო ჩამოხმებიან. |
| 40 |
| და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და თავიანთი მამების ბრალს, რომ მიმუხთლეს, და რომ წავიდნენ ჩემს წინააღმდეგ. |
| 41 |
| და მეც წავალ მათ წინააღმდეგ, და მივიყვან მათ მათი მტრების ქვეყანაში. მაშინ დაითრგუნება მათი წინადაუცვეთელი გული, მაშინ იგემებენ ისინი თავიანთ დანაშაულს. |
| 42 |
| და გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან, და ჩემს აღთქმას ისააკთან, და ჩემს აღთქმას აბრაამთან, და ამ ქვეყანასაც გავიხსენებ, |
| 43 |
| როცა მიწა მიტოვებული იქნება მათგან და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებისთვის მათგან გაუკაცრიელების ჟამს, და იგემებენ თავიანთ დანაშაულს, რადგან სამართალი უკუაგდეს და ჩემი წესები მოიძულეს. |
| 44 |
| და მაინც, მტრების ქვეყანაში მათი ყოფნისას არ მოვიბეზრებ და არ მოვიძულებ მათ იმ ზომამდე, რომ სრულიად მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი. |
| 45 |
| და გავიხსენებ აღთქმას მათ წინაპრებთან, რომლებიც გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ხალხების თვალწინ, რათა ვიყო მათი ღმერთი; მე ვარ უფალი. |
| 46 |
| ესაა წესები და სამართალი და რჯული, რომელიც დაადგინა უფალმა ისრაელიანთა და მის შორის სინაის მთაზე, მოსეს მეშვეობით. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/leviticus/026.mp3
27
26