×

Ბიბლია 2013

აბაკუმ 3

1
აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად.
2
უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი გახსოვს შეწყალება.
3
თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა – ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.
4
დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება.
5
შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი.
6
შედგა და გათელა მიწა, გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი.
7
განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები.
8
ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?
9
შენ გააშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა.
10
დაგინახეს და შედრკნენ მთები. გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
11
მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში. შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.
12
რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს.
13
შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად. ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, ფუძიდან სახურავამდე გააშიშვლე.
14
თავი გაუპე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ხარობდნენ იმ ფიქრით, თითქოს ბედშავს იდუმალ ჩაყლაპავდნენ.
15
შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები.
16
გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყეს ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი. მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვად თავს დაესხმიან.
17
თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი,
18
მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.
19
უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს გორაკებს მომატარებს. (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
Შენახვა Შენიშვნები