თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში.
აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლით აფარვინებთ სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, ისე რომ ვეღარ ხედავს ძღვენს და კეთილგანწყობით ვეღარ იღებს თქვენი ხელიდან.
თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.
არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან, და თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყმაწვილის ცოლს.
რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – და თავისი სამოსელის ძალადობით დამფარველი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები.
დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანს უფალს და ისინი უყვარსო მას, ან სად არის სამართლის ღმერთიო?“