და აიღებენ ცისფერ გადასაფარებელს და შეახვევენ სასანთლეს და მის კანდელებს, და მის მაშებს, და მის აქანდაზებს, და ყოველ ჭურჭლეულს მისი ზეთისთვის, რომლითაც მსახურებენ მას.
და აიღებენ ყოველ სასამსახურო ჭურჭელს, რომლებითაც მსახურებენ საწმიდარში, და დააწყობენ ცისფერ გადასაფარებელზე და დაბურავენ მათ მაჩვის ტყავის საბურველით და ჩამოკიდებენ ლატანზე.
და დააწყობენ მასზე ყოველ მის ჭურჭლეულს, რომლითაც მსახურებენ მასზე: აქანდაზებს, ჩანგლებს და ნიჩბებს, და სასხურებლებს – სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას, და გაშლიან მასზე საბურველს მაჩვის ტყავისას და გაუყრიან მის კეტებს.
და როცა აარონი და მისი ძენი დაასრულებენ საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლეულის დაბურვას ბანაკის აყრისას, მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ კეჰათის ძენი ასაწევად. არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რათა არ მოკვდნენ. ესაა კეჰათის ძეთა ტვირთი საკრებულო კარავისა.
აარონ მღვდლის ძეს ელეაზარს ევალება ზედამხედველობა ლამპრის ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივი პურის შესაწირავზე და ზეთსაცხებელზე, ზედამხედველობა მთლიანად კარავზე და ყოველივეზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მის ჭურჭლეულზე.“
ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ იცოცხლონ და არ დაიხოცონ: რაჟამს მივლენ ისინი წმიდათა წმიდასთან: აარონი და მისი ძენი მივიდნენ და გაამწესონ ისინი თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთთან.
ოცდაათი წლის ასაკიდან და ზემოთ ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ყველა ისინი, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარავში.
მათ უნდა ატარონ სავანის, საკრებულო კარვის გადასაფარებლები, მისი საბურველი და მაჩვის საბურველი, რომელიც მასზეა ზემოდან, და ფარდა საკრებულო კარვის შესასვლელისა.
და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს კარიბჭის შესასვლელისა, რომელიც აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, და მათი საბელები, და მათი ყოველი სამსახურებელი ჭურჭლეულობა, და ყოველივე, რაც უნდა გაკეთდეს მათთან, მათ გააკეთონ.
აარონისა და მის ძეთა ბრძანების მიხედვით იყოს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, მათი ყოველი ტვირთვისა და მათი ყოველი სამსახურისთვის. და მათ დაავალეთ დაცვა ყოველივესი, რასაც ისინი ატარებენ.
ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ისინი, ყოველი, ვისაც შუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარვისა.
და ეზოს გარეშემო სვეტები, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები, და მათი საბელები, და მათი ყოველი ჭურჭლეულობა, და მათი ყოველი სამსახურებელი. სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ.
ესენი იყვნენ აღრიცხულნი კეჰათის საგვარეულოდან, ყოველნი, რომელნიც მსახურებდენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით.