Ბიბლია 2002
|
| 1 |
| მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან. |
| 2 |
| აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას.“ |
| 3 |
| და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. |
| 4 |
| და უთხრა მას იესომ: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად.“ |
| 5 |
| როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა |
| 6 |
| და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება.“ |
| 7 |
| უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას.“ |
| 8 |
| მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. |
| 9 |
| ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთე-მეთქი ეს! და აკეთებს.“ |
| 10 |
| ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა. |
| 11 |
| ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. |
| 12 |
| ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.“ |
| 13 |
| და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს.“ და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური. |
| 14 |
| იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. |
| 15 |
| შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ. |
| 16 |
| როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. |
| 17 |
| რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.“ |
| 18 |
| თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. |
| 19 |
| მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ.“ |
| 20 |
| იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი.“ |
| 21 |
| ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“ |
| 22 |
| იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ.“ |
| 23 |
| ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ. |
| 24 |
| და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. |
| 25 |
| და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“ |
| 26 |
| და უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?“ მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. |
| 27 |
| ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან?“ |
| 28 |
| როცა გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში, მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. |
| 29 |
| და აჰა, მორთეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ |
| 30 |
| მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. |
| 31 |
| ეშმაკები შეევედრნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი.“ |
| 32 |
| უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. |
| 33 |
| მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. |
| 34 |
| და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/matthew/008.mp3
28
8