მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, ეუბნება პეტრეს: „ეს უფალია.“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.
რომ ისაუზმეს, იესო ეუბნება სიმონ-პეტრეს: „სიმონ იოანესო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ ეუბნება მას: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ.“ ეუბნება მას: „აძოვე ჩემი კრავები.“
ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესო, გიყვარვარ?“ პეტრე დაღონდა, მესამედ რომ უთხრა: „გიყვარვარ“? და ეუბნება მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ ეუბნება მას იესო: „აძოვე ჩემი ცხვრები.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა. როცა დაბერდები, გაშლი ხელებს და სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გსურს.“
მოტრიალდა პეტრე და დაინახა, რომ მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, მოსდევდა მათ. სწორედ ის, მისი მკერდისკენ რომ გადაიხარა სერობისას და უთხრა, უფალო, ვინ გაგცემსო?
და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს არ უთქვამს მასზე, არ მოკვდებაო, არამედ, თუ მე მსურს, რომ დარჩეს, ჩემს მოსვლამდე, შენ რაო?