Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ორმოცდამეათე დღე რომ დგებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. |
| 2 |
| და უეცრად შეიქნა ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი. |
| 3 |
| და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე. |
| 4 |
| და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. |
| 5 |
| ხოლო იერუსალიმში მკვიდრობდნენ ღმერთის მოშიში იუდეველნი, ცისქვეშეთის ყველა ერთაგან. |
| 6 |
| და როდესაც ეს ხმაური შეიქნა, ბევრმა მოიყარა თავი და გაოცდნენ, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მათ საკუთარ ენაზე. |
| 7 |
| ყველა გაოგნებული იყო და უკვირდა, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? |
| 8 |
| როგორ გვესმის თითოეულს ჩვენს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით: |
| 9 |
| პართებსა და მიდიელებს, ელამელთ და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოს და ასიის მკვიდრთ, |
| 10 |
| ფრიგიისა და პამფილიისა, ეგვიპტისა და კვირინეს ლიბიისა და რომის მოქალაქეებს, |
| 11 |
| იუდეველთ და რჯულშეცვლილთ, კრეტელთ და არაბებს, და ვუსმენთ მათ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღმერთის დიად საქმეებზე.“ |
| 12 |
| გაოგნებული იყო ყველა და საგონებელში მყოფნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „რას ნიშნავს ეს?“ |
| 13 |
| სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, ტკბილი ღვინით დამთვრალანო. |
| 14 |
| ხოლო თერთმეტთან ერთად მდგომმა პეტრემ ხმა აღიმაღლა და მიმართა მათ: „იუდეველნო და თქვენ ყველა, ვინც იერუსალიმის მკვიდრნი ხართ, ისმინეთ ეს და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს: |
| 15 |
| არ არიან ესენი მთვრალები, როგორც თქვენ გგონიათ, რადგან დღის მესამე საათია. |
| 16 |
| მაგრამ ესაა ის, რაც ითქვა იოელ წინასწარმეტყველის მიერ: |
| 17 |
| ‘იქნება უკანასკნელ დღეებში, – ამბობს ღმერთი, – გადმოვღვრი ჩემი სულისაგან ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკები ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. |
| 18 |
| ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. |
| 19 |
| ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ღრუბლებს. |
| 20 |
| მზე წყვდიადად გადაიქცევა და მთვარე სისხლად, სანამ არ დადგება უფლის გამოცხადების დიადი დღე. |
| 21 |
| და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.’ |
| 22 |
| ისრაელელო კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი, ღმერთისაგან დამოწმებული თქვენთვის ძალებით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მის მიერ თქვენს შორის, როგორც თავადვე იცით, – |
| 23 |
| ღმერთის განგებით და წინასწარცოდნით გადაცემული, ის თქვენ ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. |
| 24 |
| მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, შეუხსნა რა სიკვდილის ბორკილები და სიკვდილმა ვერ შეძლო მისი შეკავება. |
| 25 |
| რადგან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. |
| 26 |
| ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და გამხიარულდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს. |
| 27 |
| რადგან არ მიატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად. |
| 28 |
| შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა, სიხარულით აღმავსებ შენს წინაშე.’ |
| 29 |
| კაცნო, ძმანო, სარწმუნოდ გეტყვით მამამთავარ დავითზე, რომ ის აღესრულა და დაიკრძალა, და დღევანდლამდე ჩვენს შორისაა მისი სამარხი. |
| 30 |
| მაგრამ რაკი წინასწარმეტყველი იყო, იცოდა, რომ ფიცით შეჰფიცა მას ღმერთმა, რომ მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა მის ტახტზე. |
| 31 |
| მან წინასწარხედვით ილაპარაკა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ იქნა ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება. |
| 32 |
| ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. |
| 33 |
| ამგვარად, ღმერთის მარჯვენით ამაღლებულმა მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ. |
| 34 |
| დავითი არ ამაღლებულა ზეცად, რადგან თავად ამბობს: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, |
| 35 |
| ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად.’ |
| 36 |
| ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.“ |
| 37 |
| ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და უთხრეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: „როგორ მოვიქცეთ, ძმებო?“ |
| 38 |
| ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. |
| 39 |
| რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს და ყველა შორეულსაც, ვისაც კი მოუხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.“ |
| 40 |
| და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: „იხსენით თავი ამ გარყვნილი თაობისაგან.“ |
| 41 |
| და ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლა. იმ დღეს შეემატა 3 ათასამდე სული. |
| 42 |
| და იყვნენ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვებში. |
| 43 |
| ყოველი სული შიშით იყო მოცული, რადგან მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. |
| 44 |
| ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. |
| 45 |
| ქონებას და სარჩო-საბადებელს ყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა ესაჭიროებოდა. |
| 46 |
| დღენიადაგ ერთსულოვნად ტაძარში იმყოფებოდნენ, სახლებში ტეხდნენ პურს, იღებდნენ საზრდოს სიხარულით და გულუბრალოებით. |
| 47 |
| აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხისთვის სათნონი იყვნენ. უფალი კი დღითი დღე შესძენდა ეკლესიას მათ, ვინც ჰპოვა ხსნა. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/acts/002.mp3
28
2