Ბიბლია 2002
|
| 1 |
| „კაცნო, ძმანო და მამანო! მოისმინეთ ჩემი თავის მართლება თქვენს წინაშე.“ |
| 2 |
| როცა გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, კიდევ უფრო გაყუჩდნენ. მან თქვა: |
| 3 |
| „მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსუსში დაბადებული, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი, ზედმიწევნით განსწავლული მამების რჯულში. ღვთისთვის მოშურნე, როგორც თქვენ ხართ დღეს ყველანი. |
| 4 |
| სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში გადავცემდი როგორც კაცებს, ასევე ქალებს. |
| 5 |
| ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და მთელი უხუცესობა. მათგან ბარათებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისათვის და მივდიოდი, რომ იქაურებიც წამეყვანა დასასჯელად იერუსალიმში. |
| 6 |
| მოხდა ისე, რომ როცა მივდიოდი და ვუახლოვდებოდი დამასკოს, შუადღისას უეცრად ძლიერმა ნათელმა მომიცვა ციდან. |
| 7 |
| დავეცი მიწაზე და მომესმა ხმა, რომელიც მეუბნებოდა: ‘სავლე, სავლე, რად მდევნი მე?’ |
| 8 |
| მე მივუგე: ‘ვინა ხარ, უფალო?’ მან მითხრა: ‘მე ვარ, იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი.’ |
| 9 |
| ჩემთან მყოფებმა იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ. |
| 10 |
| ვთქვი: ‘რა ვქნა, უფალო?’ უფალმა მითხრა: ‘ადექი და წადი დამასკოს და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.’ |
| 11 |
| რაკი იმ ნათლის დიდების გამო ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთან მყოფებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში. |
| 12 |
| ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით, რომელსაც ემოწმებოდა იქ მცხოვრები ყველა იუდეველი, |
| 13 |
| მოვიდა ჩემთან, დამადგა და მითხრა: ‘ძმაო სავლე, აგეხილოს თვალი!’ და მე იმ ჟამსავე დავინახე იგი. |
| 14 |
| ხოლო მან მითხრა: ‘ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება, დაინახო მართალი კაცი და ისმინო ხმა მისი ბაგიდან. |
| 15 |
| რადგან შენ იქნები მისი მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმისა, რაც ნახე და მოისმინე. |
| 16 |
| ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.’ |
| 17 |
| როცა იერუსალიმში დავბრუნდი და ტაძარში ვლოცულობდი, მოვხვდი ხილვაში. |
| 18 |
| დავინახე იგი და მან მითხრა: ‘იჩქარე და გადი სწრაფად იერუსალიმიდან, ვინაიდან არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემზე.’ |
| 19 |
| და მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს. |
| 20 |
| როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი და ვიწონებდი, და ვდარაჯობდი მის მკვლელთა ტანისამოსს.’ |
| 21 |
| და მითხრა: ‘წადი, შორს მიგავლენ წარმართებთან.’“ |
| 22 |
| ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, და აღიმაღლეს ხმა და თქვეს: „აღიგავოს ასეთი კაცი მიწისაგან, ვინაიდან არ არის სიცოცხლის ღირსი!“ |
| 23 |
| როცა ისინი ყვიროდნენ, ტანისამოსს იგლეჯდნენ და ჰაერში მტვრის კორიანტელს აყენებდნენ, |
| 24 |
| ათასისთავმა ბრძანა ბანაკში შეეყვანათ იგი და უთხრა, შოლტის ქვეშ დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რისთვის ყვიროდნენ ასე მის წინააღმდეგ. |
| 25 |
| როცა გაჭიმეს ღვედებით, პავლემ უთხრა იქვე მდგომ ასისთავს: „რა უფლება გაქვთ, რომ გაუსამართლებლად გაშოლტოთ რომაელი კაცი?“ |
| 26 |
| ეს რომ ასისთავმა გაიგო, მივიდა ათასისთავთან და მოახსენა და უთხრა: „რას აპირებ, რომაელი ყოფილა ეს კაცი!“ |
| 27 |
| მივიდა ათასისთავი და უთხრა მას: „მითხარი, რომაელი ხარ?“ მიუგო: „ჰო.“ |
| 28 |
| მიუგო ათასისთავმა: „მე დიდი თანხით მოვიპოვე ეს მოქალაქეობა.“ ხოლო პავლემ თქვა: „მე კი – დაბადებით.“ |
| 29 |
| მყისვე მოეშვნენ, ვინც მას დაკითხვას უპირებდნენ. ხოლო ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ იგი რომაელი ყოფილა, მან კი შეაბორკინა იგი. |
| 30 |
| მეორე დღეს მოინდომა დანამდვილებით შეეტყო, რას აბრალებდნენ მას იუდეველები. შეხსნა მას ბორკილები და ბრძანა მღვდელმთავართა და მთელი სინედრიონის შეკრება. მოიყვანა პავლე და დააყენა მათ წინაშე. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/acts/022.mp3
28
22