Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ლოცვის ჟამს, ასე მეცხრე საათზე, ადიოდნენ პეტრე და იოანე ტაძარში. |
| 2 |
| და მოიყვანეს ერთი კაცი, დედის მუცლიდანვე ხეიბარი, ხელით სატარებელი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ მას ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. |
| 3 |
| როდესაც დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. |
| 4 |
| პეტრემ და იოანემ შეხედეს მას და პეტრემ უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“ |
| 5 |
| და ის მიაცქერდა მათ მოლოდინით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან. |
| 6 |
| უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, ადექი და გაიარე!“ |
| 7 |
| მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა. უცბად გაუმაგრდა მას ფეხები და კოჭები, |
| 8 |
| წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს. |
| 9 |
| მთელი ხალხი ხედავდა მას, რომ დადიოდა და ღმერთს ადიდებდა. |
| 10 |
| იცნეს იგი, რომ ეს ის კაცი იყო, ტაძრის „მშვენიერ“ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვრად რომ იჯდა ხოლმე. და აღივსნენ ისინი შიშით და განცვიფრებით იმის გამო, რაც მას შეემთხვა. |
| 11 |
| იგი არ შორდებოდა პეტრესა და იოანეს, მთელი ხალხი კი გაოცებული მიაწყდა მათ სოლომონის სტოაში (როგორც მას ეწოდება). |
| 12 |
| დაინახა პეტრემ და მიმართა ხალხს: „ისრაელელნო კაცნო, რად გიკვირთ ეს? ან რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალით და სიწმიდით დავაწყებინეთ მას სიარული? |
| 13 |
| აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როდესაც მან გადაწყვიტა მისი გათავისუფლება. |
| 14 |
| თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეწყალობებინა თქვენთვის. |
| 15 |
| სიცოცხლის წინამძღვარი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ. |
| 16 |
| მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც თქვენ ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და მისმა რწმენამ მისცა მას ეს სიმრთელე ყოველი თქვენგანის თვალწინ. |
| 17 |
| ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ და თქვენმა მთავრებმა უმეცრებით ჩაიდინეთ ეს. |
| 18 |
| ხოლო ღმერთმა, როგორც წინდაწინ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც. |
| 19 |
| მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები, |
| 20 |
| რათა დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ თქვენთვის განწესებული ქრისტე იესო, |
| 21 |
| რომელიც ზეცამ უნდა დაიფაროს ყოველთა აღდგინებამდე, როგორც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით. |
| 22 |
| რადგან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. ისმინეთ მისგან ყველაფერი, რასაც გეტყვით. |
| 23 |
| და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, აღიგვება ხალხიდან.’ |
| 24 |
| ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან და მას აქეთ, ვინც კი ლაპარაკობდა ღმერთის სახელით, წინასწარ იუწყებოდა ამ დღეებზე. |
| 25 |
| თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: ‘კურთხევა იქნება შენი მოდგმა დედამიწის ყოველი ხალხისათვის!’ |
| 26 |
| როდესაც ღმერთმა აღადგინა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხებლად, რათა მოიქცეს თითოეული თავის უკეთურებათაგან.“ |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/acts/003.mp3
28
3