Ბიბლია 2013
|
| 1 |
| ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საპფირასთან ერთად გაყიდა მიწის ნაკვეთი |
| 2 |
| და გადამალა საფასურიდან – ეს მისმა ცოლმაც იცოდა – რაღაც ნაწილი კი მოიტანა და დადო მოციქულთა ფეხთით. |
| 3 |
| უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ სულიწმიდის მოსატყუებლად და გადამალე მიწის საფასური? |
| 4 |
| სანამ გაყიდიდი, შენი არ იყო? და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რატომღა ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ |
| 5 |
| როცა ეს სიტყვები მოისმინა ანანიამ, დაეცა და სული განუტევა. დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო. |
| 6 |
| ადგნენ ჭაბუკები, შესუდრეს იგი, გაიტანეს და დამარხეს. |
| 7 |
| განვლო სამიოდე საათმა და შევიდა მისი ცოლიც, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. |
| 8 |
| ჰკითხა მას პეტრემ: „მითხარი, განა ამდენად გაყიდეთ მიწა?“ თქვა: „დიახ, ამდენად.“ |
| 9 |
| პეტრემ კი უთხრა მას: „რატომ შეითქვით, უფლის სულის გამოსაცდელად? აჰა, კარში დგანან შენი ქმრის დამმარხავთა ფეხები და შენც გაგიტანენ.“ |
| 10 |
| დაეცა იგი უცბად მის ფეხებთან და სული განუტევა. როდესაც ჭაბუკები შემოვიდნენ, ნახეს ის მკვდარი, გაიტანეს და ქმრის გვერდით დამარხეს. |
| 11 |
| დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვინც ეს გაიგო. |
| 12 |
| მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ყველანი ერთსულოვნად სოლომონის სტოაში. |
| 13 |
| დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა, შეერთებოდა მათ, მაგრამ ხალხი აქებდა მათ. |
| 14 |
| სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი კაცი და ქალი. |
| 15 |
| ისე რომ, ავადმყოფები ქუჩაში გამოჰყავდათ და საკაცეებზე და სარეცლებზე აწვენდნენ, ვინძლო ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაფენოდა რომელიმე მათგანს. |
| 16 |
| დიდძალი ხალხი შეიკრიბა იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. |
| 17 |
| ადგა მღვდელმათავარი და ყველა მასთან მყოფი, რომლებიც სადუკეველთა დასს ეკუთვნოდნენ და შურით აღვსილებმა |
| 18 |
| დაადეს ხელი მოციქულებს და საერთო საპატიმროში ჩასხეს. |
| 19 |
| მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და თქვა: |
| 20 |
| „წადით და დადექით ტაძარში და განუცხადეთ ხალხს სიცოცხლის ყოველი მცნება.“ |
| 21 |
| ეს რომ მოისმინეს, განთიადისას შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. როდესაც მოვიდნენ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, მოიწვიეს სინედრიონი და ისრაელის ძეთა მთელი უხუცესობა და მსახურნი გაგზავნეს სატუსაღოში მათ მოსაყვანად. |
| 22 |
| მსახურნი რომ მივიდნენ, ვერ ნახეს ისინი საპყრობილეში, უკან გამობრუნდნენ და მოახსენეს, |
| 23 |
| თქვეს: „სატუსაღო საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა და მცველები კარებთან იდგნენ. რომ გავაღეთ, შიგ ვერავინ ვნახეთ.“ |
| 24 |
| ეს სიტყვები რომ მოისმინეს, ტაძრის უფროსი და მღვდელმთავარი საგონებელს მიეცნენ, რა უნდა მომხდარიყო. |
| 25 |
| მივიდა ვიღაც და მოახსენა მათ: „აგერ ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ასწავლიან ხალხს.“ |
| 26 |
| მაშინ წავიდა უფროსი მხლებლებთან ერთად და მოიყვანა ისინი დაუძალებლად, რადგან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. |
| 27 |
| მოიყვანეს და დააყენეს სინედრიონის წინაშე, და ჰკითხა მათ მღვდელმთავარმა |
| 28 |
| და უთხრა: „ხომ აგიკრძალეთ, არ გესწავლებინათ ამ სახელით. და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს ჩვენ.“ |
| 29 |
| მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანების. |
| 30 |
| ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ მოკალით ძელზე ჩამოკიდებით. |
| 31 |
| იგი ღმერთმა წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა თავისი მარჯვენით, რომ მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება. |
| 32 |
| და ჩვენ მოწმენი ვართ ამ სიტყვებისა, ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც ღმერთმა მისცა თავის მორჩილთ.“ |
| 33 |
| ეს რომ მოისმინეს, განრისხდნენ და მოინდომეს მათი დახოცვა. |
| 34 |
| მაშინ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივდებული და ბრძანა, მოციქულები მცირე ხნით გარეთ გაეყვანათ |
| 35 |
| და უთხრა მათ: „ისრაელელნო კაცნო, დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ადამიანებს. |
| 36 |
| რადგან ამ დღეების წინ გამოჩნდა თევდა და თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. ოთხასამდე კაცი გაჰყვა მას, მაგრამ ის მოკლეს და ყველანი, ვინც მორჩილებდნენ მას, გაიფანტნენ და არარად იქცნენ. |
| 37 |
| ამის შემდეგ, აღწერის დროს, გამოჩნდა იუდა გალილეველი და დიდძალი ხალხი გაიყოლა. ისიც დაიღუპა და ყველანი, ვინც მას მორჩილებდნენ, გაიფანტნენ. |
| 38 |
| ახლა გეუბნებით თქვენ: დაანებეთ თავი ამ ადამიანებს და გაუშვით ისინი, რადგან, თუ ადმიანისაგან არის ეს ზრახვა ან საქმე, ჩაიფუშება. |
| 39 |
| ხოლო თუ ღმერთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ ღმერთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ.“ დაუჯერეს ეს. |
| 40 |
| დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს. |
| 41 |
| გავიდნენ ისინი სინედრიონიდან გახარებულნი, რომ მისი სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. |
| 42 |
| ყოველ დღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ ტაძარში და სახლებში ქრისტე იესოზე. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/acts/005.mp3
28
5