Ბიბლია 2002
|
| 1 |
| სავლემ მოიწონა მისი მოკვლა. იმ დღეებში მოხდა იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველა, მოციქულთა გარდა, გაიფანტა იუდეასა და სამარიის მხარეებში. |
| 2 |
| დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს იგი. |
| 3 |
| სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ. |
| 4 |
| ამასობაში გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას. |
| 5 |
| ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და მათ უქადაგებდა ქრისტეს. |
| 6 |
| ხალხი ერთსულოვნად ყურს უგდებდა, რასაც ფილიპე ლაპარაკობდა, უსმენდა და ხედავდა, რა ნიშნებს ახდენდა იგი. |
| 7 |
| ვინაიდან მრავალთაგან, რომლებიც უწმიდური სულებით იყვნენ შეპყრობილნი, ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ. მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა. |
| 8 |
| დიდი სიხარული იყო იმ ქალაქში. |
| 9 |
| იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ადრევე ჯადოქრობას ეწეოდა და აოცებდა სამარიელ ხალხს, თავი დიდ ვინმედ მოჰქონდა. |
| 10 |
| ყურს უგდებდა მას ყველა, დიდიან-პატარიანად, და ამბობდა: „ეს ის ღვთიური ძალაა, დიდად რომ იწოდება.“ |
| 11 |
| ყურს კი იმიტომ უგდებდნენ მას, რომ დიდი ხნიდან აოგნებდა მათ ჯადოქრობით. |
| 12 |
| როცა ერწმუნენ ფილიპეს, რომელიც ახარებდა ღვთის სასუფევლსა და იესო ქრისტეს სახელს, ინათლებოდნენ მამაკაცებიც და დედაკაცებიც. |
| 13 |
| თვითონ სიმონმაც ირწმუნა და მოინათლა, აღარ შორდებოდა ფილიპეს და, მოხდენილ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს რომ ხედავდა, გაოგნებული იყო. |
| 14 |
| გაიგეს იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე, |
| 15 |
| რომლებიც ჩავიდნენ იქ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა. |
| 16 |
| ვინაიდან მანამდე არცერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ მონათლულები იყვნენ უფალ იესოს სახელით. |
| 17 |
| მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა. |
| 18 |
| როცა დაინახა სიმონმა, რომ მოციქულთა ხელების დასხმით ეძლეოდათ სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ. |
| 19 |
| თქვა: „მეც მომეცით ხელმწიფება, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სულიწმიდა.“ |
| 20 |
| პეტრემ უთხრა მას: „შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად, ვინაიდან ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება განიზრახე. |
| 21 |
| არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე. |
| 22 |
| მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა, |
| 23 |
| ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.“ |
| 24 |
| მიუგო სიმონმა და უთხრათ: „შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ არაფერი ეწიოს თქვენი ნათქვამიდან.“ |
| 25 |
| ხოლო როცა მათ დაამოწმეს და ილაპარაკეს უფლის სიტყვა, გამობრუნდნენ იერუსალიმისკენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ. |
| 26 |
| უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: „ადექი და წადი სამხრეთისაკენ, იმ გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ჩადის. უკაცრიელია იგი.“ |
| 27 |
| ადგა და წავიდა, და აჰა, ერთი ეთიოპელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკეს, დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანის საცემად მოსულიყო იერუსალიმში, |
| 28 |
| უკან ბრუნდებოდა და, თავის ეტლში მჯდომი, კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს. |
| 29 |
| უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი და ახლოს დაუდექი მაგ ეტლს.“ |
| 30 |
| მიირბინა ფილიპემ და, როცა მოისმინა, რომ იგი ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, უთხრა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“ |
| 31 |
| მან უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო. |
| 32 |
| წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, ეს იყო: „კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს ბაგე. |
| 33 |
| დამცირებაში წაერთვა სამართალი და ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას? რადგან ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის შეხვდა სატანჯველი.“ |
| 34 |
| მიუგო საჭურისმა ფილიპეს და უთხრა: „გევედრები, ვისზე ამბობს ამას წინასწარმეტყველი. თავის თავზე, თუ სხვა ვინმეზე?“ |
| 35 |
| გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ. |
| 36 |
| როცა გზა განაგრძეს, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: „აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?“ |
| 37 |
| უთხრა მას ფილიპემ: „თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.“ მიუგო და უთხრა მან: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.“ |
| 38 |
| და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი. |
| 39 |
| როცა წყლიდან ამოვიდნენ, უფლის სულმა ფილიპე წარიტაცა და ვეღარ დაინახა იგი საჭურისმა. წავიდა თავის გზაზე გახარებული. |
| 40 |
| ფილიპე კი აღმოჩნდა აშდოდში, მიმოდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე კესარიაში მივიდოდა. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/acts/008.mp3
28
8