Ბიბლია 2013
|
| 1 |
| სავლე კი, რომელიც ჯერ კიდევ მუქარითა და სიკვდილით სუნთქავდა უფლის მოწაფეთა წინააღმდეგ, მღვდელმთავართან მივიდა |
| 2 |
| და სთხოვა წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც იპოვიდა ამ გზაზე, კაცებს თუ ქალებს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმში. |
| 3 |
| გზად მიმავალი, როდესაც დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად კაშკაშა ნათელმა მოიცვა ციდან, |
| 4 |
| დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ |
| 5 |
| მან თქვა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი უთხრა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. |
| 6 |
| ადექი და შედი ქალაქში და გეტყვიან, რაც უნდა გააკეთო.“ |
| 7 |
| კაცები კი, რომლებიც თან ახლდნენ მას, დამუნჯებულები იდგნენ, ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ. |
| 8 |
| წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ხელჩაკიდებული შეიყვანეს დამასკოში. |
| 9 |
| სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა. |
| 10 |
| იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. და უთხრა უფალმა მას ჩვენებაში: „ანანია!“ მან თქვა: „აჰა, მე, უფალო.“ |
| 11 |
| და უთხრა მას უფალმა: „ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია სწორი, იკითხე იუდას სახლში ტარსუსელი კაცი, სახელად სავლე. აჰა, ლოცულობს იგი, |
| 12 |
| და იხილა ჩვენებაში კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელები დაადო მას, რათა თვალი აეხილოს.“ |
| 13 |
| მიუგო ანანიამ: „უფალო, ბევრისგან მსმენია ამ ადამიანზე, რაოდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. |
| 14 |
| და აქაც მღვდელმთავრებისაგან აქვს ხელმწიფება შებორკოს ყველა, ვინც შენს სახელს ახსენებს.“ |
| 15 |
| უთხრა მას უფალმა: „წადი, რადგან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. |
| 16 |
| ხოლო მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელისთვის.“ |
| 17 |
| წავიდა ანანია და შევიდა იმ სახლში, დაადო მას ხელები და უთხრა: „ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე მომავალს, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.“ |
| 18 |
| უცებ, თითქოს ქერცლი მოსძვრაო მის თვალებს, აეხილა, ადგა და მოინათლა. |
| 19 |
| და მიიღო საჭმელი და მომაგრდა. და დარჩა იგი დამასკოში მოწაფეებთან რამდენიმე დღეს. |
| 20 |
| და მალევე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის ღმერთის ძეა. |
| 21 |
| გაოგნებული იყო ყველა მსმენელი და ამბობდა: „ნუთუ ეს ის არის, იერუსალიმში რომ სპობდა ამ სახელის მხმობელთ და აქაც ხომ იმისათვის მოვიდა, რომ შებორკილნი წაეყვანა ისინი მღვდელმთავრებთან?“ |
| 22 |
| სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე. |
| 23 |
| განვლო მრავალმა დღემ და იუდეველები შეითქვნენ მის მოსაკლავად. |
| 24 |
| ცნობილი გახდა სავლესთვის მათი შეთქმულების ამბავი. ისინი კი დღედაღამ სდარაჯობდნენ კარიბჭესთან, რათა მოეკლათ იგი. |
| 25 |
| მაგრამ მოწაფებმა ღამით აიყვანეს იგი და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით. |
| 26 |
| იერუსალიმში მისული ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო. |
| 27 |
| მაშინ ბარნაბამ წაიყვანა იგი, მიიყვანა მოციქულებთან და მოუთხრო მათ, თუ როგორ იხილა მან გზაში უფალი, რომელიც ელაპარაკა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით. |
| 28 |
| და იყო ის მათთან. გამოდიოდა და შედიოდა იერუსალიმში და გაბედულად ქადაგებდა უფლის სახელით. |
| 29 |
| ლაპარაკობდა და ეპაექრებოდა კიდეც ბერძნულად მოლაპარაკე იუდეველებს, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ. |
| 30 |
| როდესაც შეიტყვეს ეს ძმებმა, ჩაიყვანეს იგი კესარიას და გაგზავნეს ტარსუსში. |
| 31 |
| ამგვარად, ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა. |
| 32 |
| ერთხელ, ყველა ადგილის შემოვლისას, პეტრე მივიდა წმიდებთანაც, რომლებიც ლიდაში ცხოვრობდნენ. |
| 33 |
| ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დამბლადაცემული იწვა სარეცელზე. |
| 34 |
| და უთხრა მას პეტრემ: „ენეას, გკურნავს შენ იესო ქრისტე. ადექი და თავად გაასწორე სარეცელი!“ და მაშინვე წამოდგა. |
| 35 |
| და ხედავდა მას ყველა, ვინც ლიდასა და შარონში ცხოვრობდა, და მოიქცნენ ისინი უფლისაკენ. |
| 36 |
| იყო იაფოში ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, (რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს). იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც იქმოდა. |
| 37 |
| იმ დღეებში ავად გახდა იგი და მოკვდა. განბანეს და დაასვენეს ზედა ოთახში. |
| 38 |
| ლიდა ახლოს იყო იაფოსთან და მოწაფეებმა რომ შეიტყვეს, რომ პეტრე იქ იყო, გაუგზავნეს ორი კაცი სათხოვნელად, რომ არ დაეყოვნებინა მათთან მისვლა. |
| 39 |
| ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როდესაც მივიდა, აიყვანეს ზედა ოთახში და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ პერანგებსა და მოსასხამებს, რომლებსაც ქურციკი ამზადებდა, სანამ მათთან იყო. |
| 40 |
| პეტრემ გაუშვა ყველანი გარეთ, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და თქვა: „ტაბითა, ადექი!“ მან აახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. |
| 41 |
| მან ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი. |
| 42 |
| ცნობილი გახდა ეს მთელ იაფოში და მრავალმა იწამა უფალი. |
| 43 |
| და ერთ ხანს დარჩა ის იაფოში ვინმე სიმონ მეტყავესთან. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/acts/009.mp3
28
9