და ამ ხალხს უბრძანე ასე: ‘თქვენ გაივლით თქვენს ძმათა, ესავიანთა საზღვარს, რომელნიც ცხოვრობენ სეყირში, და შეეშინდებათ თქვენი, მაგრამ თქვენ ძალიან გაფრთხილდით.
რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმიანობაში, იცოდა რა ყოველი თქვენი სვლა ამ დიდ უდაბნოში. აჰა, ორმოცი წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არ მოგკლებიათ თქვენ არაფერი.
და ჩავუარეთ ჩვენს ძმებს ესავიანთაგან, რომელნიც ცხოვრობენ სეყირში, ყარაბას გზიდან, ელათიდან და ყეციონ-გებერიდან, და გადავუხვიეთ და გავიარეთ მოაბის უდაბნოს გზით.
და მითხრა მე უფალმა: „ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ გაუმართავ, რადგან არ მოგცემ მისი ქვეყნიდან სამკვიდრებელს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.“
უწინ სეყირში მკვიდრობდნენ ხორელნი და ესავიანებმა განდევნეს ისინი და მოსრეს ისინი თავიანთ წინაშე და დასახლდნენ მათ მაგიერ, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრო ქვეყანას, რომელიც მისცა მათ უფალმა.
და ხანი, როცა წავედით კადეშ-ბარნეაყიდან ვიდრე ზარედის ხევის გადალახვამდე, ოცდათვრამეტი წელიწადი მოგვინდა. ვიდრე არ გაწყდა მეომარ კაცთა მთელი თაობა ბანაკში, როგორც დაფიცებული ჰქონდა უფალს მათთვის.
და მიუახლოვდები ყამონის ძეთ, მაგრამ ნუ შეავიწროვებ, ნუ წაეკიდები მათ, რადგან არ მოგცემ ყამონის ძეთა ქვეყნიდან სამკვიდროს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი სამკვიდრებლად.“
„ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. აჰა, ხელთ ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა: იწყეთ დამკვიდრება, და ომი გაუმართეთ მას.
როგორც მომექცნენ მე ესავის ძენი, რომელნიც მკვიდრობენ სეყირში, და მოაბელები, რომლებიც მკვიდრობენ ყარში, ვიდრე გადავალ იორდანეს გაღმა იმ ქვეყანაში, რომელიც უფალმა, ღმერთმა ჩვენმა მოგვცა ჩვენ.“
მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი გავლა იქ, რადგან გაუმძვინვარა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, სული და გაუჯიუტა გული, რათა თქვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს არის.
ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევის პირასაა, და ქალაქიდან, რომელიც ხეობაშია, გილყადამდე არ ყოფილა ქალაქი, ჩვენთვის მიუდგომელი რომ ყოფილიყო. ყოველივე მოგვცა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.