და მითხრა უფალმა მე: „ნუ გეშინია მისი, რადგან მე ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ხალხი და მისი ქვეყანა. და ისე მოექეცი მას, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველ მეფეს, რომელიც ცხოვრობს ხეშბონში.“
რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთაგან. აჰა, მისი სარეცელი რკინის სარეცელია, ის რაბათშია ყამონის ძეებთან. ცხრა წყრთაა მისი სიგრძე და ოთხი წყრთაა მისი სიგანე მამაკაცთა წყრთით.
და დანარჩენი გილყადი და მთელი ბაშანი, სამეფო ყოგისა, მივეცი მენაშეს ნახევარ ტომს, ყველა მიდამო არგობისა მთელი ბაშანით, რომელსაც რეფაიმის ქვეყანა ეწოდება.
იაირმა, მენაშეს ძემ, დაიპყრო არგობის მთელი მხარე, გეშურისა და მაყაქათელის საზღვრამდე, და ბაშანს უწოდა თავისი სახელი: სოფლები იაირისა, როგორც ეს ამ დღემდეა.
და გიბრძანეთ თქვენ იმ დროს ასე: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ თქვენ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, შეიარაღებულები წინ გაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელის ძეთ.
როცა დააბინავებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით და დაიმკვიდრებენ ისინიც ქვეყანას, რომელსაც უფალი, ღმერთი თქვენი, აძლევს მათ იორდანეს გაღმა, მაშინ დაბრუნდით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოგეცით.“
და იესოს ვამცნე იმ დროს: „შენი თვალებია მხილველი ყოვლისა, რა დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. იმასვე დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელსაც შენ გაივლი.
„უფალო, ღმერთო ჩემო! შენ დაუწყე შენს მსახურს შენი დიდებისა და შენი ძლიერი ხელის ჩვენება. რომელი ღმერთია ცაზე და მიწაზე, შენს მსგავს საქმეებსა და ძლიერებას რომ სჩადიოდეს?
ადი ფისგას მწვერვალზე და გაიხედე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, და დაინახე შენი თვალით, რადგან ვერ გადახვალ ამ იორდანეს გაღმა.