და ახლა ისმინე, ისრაელო, წესები და სამართალნი, რომელთაც მე გასწავლით თქვენ შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გაძლევთ თქვენ.
შეხედეთ, გასწავლეთ თქვენ წესები და სამართალნი, როგორც მიბრძანა მე უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად.
დაიცავით და აღასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება, სხვადასხვა ხალხების თვალწინ, რომელნიც ყურს მოკრავენ ამ წესებს და იტყვიან: „მხოლოდ ეს ხალხია ბრძენი და გონიერი, დიდი ერია ეს.“
მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს,
ის დღე, როდესაც იდექი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ხორებთან, და მითხრა მე უფალმა: „შემიკრიბე ხალხი, და გავაგონებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში მთელი იმ დღეების განმავლობაში, ვიდრე მიწაზე ცოცხლობენ, და ასწავლონ თავიანთ ძეებს.“
რათა, როცა აღაპყრობთ თქვენს თვალებს ცისკენ და იხილავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, მთელ ციურ ლაშქარს, არ შეცდეთ, თაყვანი არ სცეთ მათ, არ ემსახუროთ მათ, რადგან უწილადა ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.
და უფალი განრისხდა ჩემზე თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ მე ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ კარგ ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ.
გაფრთხილდით, რომ არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, და არ გაიკეთოთ კერპები, რაიმე გამოსახულებანი, როგორც გიბრძანათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
თუ გეყოლებათ ძენი და ძეთა ძენი, და დაბერდებით ქვეყანაზე, და წახდებით და გააკეთებთ კერპს, რაიმე გამოსახულებას, და ჩაიდენთ ბოროტს უფლის, თქვენი ღმერთის თვალში მის გასაჯავრებლად,
თქვენს წინააღმდეგ დავიმოწმებ ცასა და მიწას, რომ დაღუპვით დაიღუპებით მალე იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. ვერ გაიხანგრძლივებთ დღეებს მასზე, არამედ განადგურებით განადგურდებით.
აბა, შეეკითხეთ გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა ადამიანი მიწაზე, ცის კიდიდან ცის კიდემდე, თუ მომხდარა რაიმე მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი,
თუ უცდია რომელიმე ღმერთს მისულიყო და გამოეყვანა თავისთვის ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებითა და სასწაულებით, და ბრძოლით, და ძლიერი ხელით, და გაწვდილი მკლავით, და დიდი საშინელებებით, როგორც მოიმოქმედა ყოველივე თქვენთვის თქვენმა ღმერთმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?
დაიცავი მისი წესები და მისი მცნებები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, რათა კარგად იყოთ შენ და შენი ძენი შენს შემდგომ, და რათა გაიხანგრძლივო დღენი ქვეყანაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.“
რათა იქ გაიქცეს მკვლელი, რომელსაც უნებლიედ შემოაკვდება თავისი მოყვასი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ, გაიქცეს ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან, და გადარჩეს.
იორდანეს გაღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორეველთა მეფის, სიხონის, ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობდა ხეშბონში, და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.